გრიგოლ ვაშაძე - აქციები გაგრძელდება, არაფერი გაგვიგია დღეს ისეთი, რაც საპროტესტო აქტივობას შეანელებს ან არასაჭიროს გახდის
გრიგოლ ვაშაძე - აქციები გაგრძელდება, არაფერი გაგვიგია დღეს ისეთი, რაც საპროტესტო აქტივობას შეანელებს ან არასაჭიროს გახდის

შეხვედრის ფორმატი შედგენილი არის საერთაშორისო მედიატორების მიერ, ჩვენ ვთხოვეთ სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობა, ამან შედეგი არ გამიღო, – ამის შესახებ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა კითხვაზე, რატომ არ მონაწილეობდნენ შეხვედრაში მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები.

ამასთან, ვაშაძის თქმით, სტრატეგიული მოკავშირეები არიან შუამავლები და მათ არ შეიძლება, ჰქონდეთ სხვა შეთავაზება, გარდა იმისა, რომ საქართველოში დამკვიდრდეს ნორმალური პოლიტიკური კულტურა.

„ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები არიან შუამავლები, ამიტომ მათ არ შეიძლება, ჰქონდეთ რამე შემოთავაზება გარდა იმისა, რომ ყველას სურს, საქართველოში იქნებ დამკვიდრდეს ნორმალური პოლიტიკური კულტურა, როდესაც იდეოლოგიური განსხვავებები არ არის სამკვდრო-სასიცოცხლო მტრობის მიზეზი. რაც შეეხება სამართლებრივ არგუმენტებს, ეს არგუმენტები მოსმენილი გაქვთ არაერთხელ ირაკლი კობახიძისგან ტელევიზიის მეშვეობით, სადაც მთავარი არგუმენტია, რომ არ მომწონს და ეს არ არის კონსტიტუციური. ის, რომ მორალური და პოლიტიკური ვალდებულება ჰქონდათ აღებული პროპორციული არჩევნების ჩატარების, რასაც ახალგაზრდების ჯანმრთელობა და კინაღამ სიცოცხლე შეეწირა, ამაზე არ საუბრობენ; ის, რომ ოპოზიციამ წინმსწრებად გადადგა კომპრომისული ნაბიჯი – ვთქვით, რომ კარგი, ვერ გაიტანეთ ან თქვენ თვითონვე ჩააგდეთ კონსტიტუციის შესწორება და არ იქნება პროპორციული არჩევნები, აგერ გთავაზობთ კომპრომისულ წინადადებას, რომელსაც არ სჭირდება კონსტიტუციის გადახედვა და გადასწორება“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, მისი თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

„საპროტესტო აქციები გაგრძელდება ზუსტად ისევე, როგორც იყო საპროტესტო აქციები, რადგან არაფერი ჩვენ დღეს არ გაგვიგია იმისთანა, რომელიც საპროტესტო აქტივობას შეანელებს ან გახდის არასაჭიროს“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და ხელისუფლებამ უარი თქვა ოპოზიციის მიერ მომზადებული მოდელის განხილვაზე. თუმცა, ოპოზიცია მზად არის, დიალოგის მეორე რაუნდშიც მიიღოს მონაწილეობა, თ ასეთი შედგება.