გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მათ მიერ შექმნილი ჯგუფები ამოიცნობენ ჩინოვნიკებს, რომლებიც აქციების მონაწილეებს უპირისპირდებიან
გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მათ მიერ შექმნილი ჯგუფები ამოიცნობენ ჩინოვნიკებს, რომლებიც აქციების მონაწილეებს უპირისპირდებიან

არავითარი ძალადობა, უბრალოდ გვინდა ვაჩვენოთ, რისთვის იყენებენ სახელმწიფო აპარატს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ადვოკატთა ნაწილის მიერ იურისტთა ჯგუფების შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ამოიცნობენ ჩინოვნიკებს. ჩვენ გვეუბნებიან, აი თქვენი სამიათასიანი მსვლელობა იწვევს რიგითი მოქალაქეების რისხვას. ჩვენც ვაჩვენებთ, ესენი რიგითი მოქალაქეები არ არიან. ესენი არიან სახელმწიფო სამსახურში მყოფი ხალხი, ააიპ-ებსა და სსიპ-ებში მომუშავეები, უკიდურეს შემთხვევაში ის ხალხი, ვისი მთავარი ნათესავი, მამა, ბიძა, შვილი სახელმწიფო ბიუჯეტში და სახელმწიფო ტენდერებში არის ჩაბუდებულნი და ღრღნიან გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან ამოღებულ ფულს უკვე 7 წელიწადია. არავითარი ძალადობა, უბრალოდ გვინდა ვაჩვენოთ, რისთვის იყენებენ სახელმწიფო აპარატს. ჯგუფები შეიქმნება იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკრებულოში გვყავს და მათ სახეზე იცნობენ, სახელით, გვარით. ქუთაისში ყველა ვიცნობთ ერთმანეთს, ყველა ვიღაცის ნათესავი ან კლასელია, იგივეა მცხეთაზე. მცხეთაში წიხლებს რომ ურტყამს მამის ხნის ადამიანი მიწაზე დაგდებულ ახალგაზრდას, სამი ბანდერლოგი, აი, მაკაკა, ფეხებს რომ ურტყამენ იატაკზე დაგდებულ ადამიანს, რა ქართველობაა, რა ქალაქელობაა. იმის ამოცნობას რა უნდა, როდესაც კამერების წინ ხდებოდა. ვიცოდეთ, რომ ეს „პატივცემული“ გვამი მუშაობს დასუფთავების სამსახურში და თვითონ იმსახურებს დასუფთავებას იმ სამსახურიდან რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

თბილისში ადვოკატების ნაწილმა იურიდიული დახმარების ჯგუფი შექმნეს. ჯგუფის წევრების თქმით, 20 ივნისიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე იმ სამართალდამცველებსა და საჯარო მოხელეებს გამოავლენენ, რომლებიც აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობდნენ. იურისტთა ჯგუფი შეიქმნა ასევე აჭარაში.