გრიგოლ ვაშაძე - 2008 წელს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი ჩაიწერა
გრიგოლ ვაშაძე - 2008 წელს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი ჩაიწერა

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საქართველოში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას ქართველი ვაჟკაცები, შეიარაღებული ძალები და ჩვენი მოკავშირეები წინ აღუდგნენ.

„2008 წელს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი ჩაიწერა, როდესაც რუსეთის ფედერაციამ ჯერ სამხედრო ტერორისტული ოპერაცია დაიწყო და შემდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელა. რუსეთის ფედერაციის მთავარი ინტერესი მაშინ იყო საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დამუხრუჭება და სუვერენული საგარეო პოლიტიკის გადამისამართება მოსკოვზე.

ვერც ერთ ამოცანას რუსეთის ფედერაციამ ვერ მიაღწია, რადგან მას წინ აღუდგნენ ქართველები, შეიარაღებული ძალები. ის ვაჟკაცები, რომლებიც, სამწუხაროდ, აქ განისვენებენ, და ჩვენი მოკავშირეები.

ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვათ – ეს არის მთავარი გაკვეთილი, ჩვენს მოკავშირეებს ჩვენი გაფრთხილება რომ ყურთ ეღოთ, ყურადღებით რომ მოესმინათ პუტინის გამოსვლა მიუნხენში 2007 წლის 10 თებერვალს, მაშინ არ იქნებოდა არც საქართველოს და არც უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია. საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია იმ დალაგებულ გეგმას, რომელიც მთლიანად ერს ჰქონდა. არ შეიძლება რუსეთის ფედერაციასთან უბრძოლველობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, არ შეიძლება საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის მოუბილიზებლობა იმისათვის, რომ მცოცავ ოკუპაციას, ჩვენი მოქალაქეების გადატაცებას, მუდმივ პროვოკაციებს ხელი არ შეუშალო“, – განაცხადა ვაშაძემ.