გრიგოლ მანდარია - ვვარაუდობთ, რომ ბაკურიანის პრობლემურ სასტუმროებში წყლის მიწოდების აღდგენას მალე შევძლებთ
გრიგოლ მანდარია - ვვარაუდობთ, რომ ბაკურიანის პრობლემურ სასტუმროებში წყლის მიწოდების აღდგენას მალე შევძლებთ

ბაკურიანში რამდენიმე სასტუმროსთვის წყლის მიწოდების პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მთელი ღამე მიმდინარეობდა.

წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ბაკურიანის პრობლემურ სასტუმროებში წყლის მიწოდების აღდგენა მალე მოხერხდება.

„ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ვვარაუდობთ, რომ მალე შევძლებთ რეზერვუარში სრული დატვირთვით წყლის დამატებითი მარაგის მიღებასა და ბაკურიანის პრობლემური ადგილების წყლით უზრუნველყოფას. ამ დროისათვის, წყლის დამატებითი დებიტი მოძიებულია, მიყვანილია რეზერვუარამდე და მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები. თუ მაგისტრალზე რაიმე სახის დაზიანება არ მოხდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება არ გვაქვს“, – აცხადებს წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი.

გრიგოლ მანდარიას განცხადებით, ბაკურიანის 85 პროცენტს წყალი სტაბილურად მიეწოდება, პრობლემა აქვს სამ მსხვილ ობიექტს – „მგზავრების“ „პანორამას“, „რუმსს“ და „მგზავრების“ რამდენიმე კორპუსს.

მისივე თქმით, მაქსიმუმი კეთდება, რათა დღეიდან წყალმომარაგება აღნიშნულ სასტუმროებს სრულად აღუდგეს.

რაც შეეხება გუდაურში, „რედკოს დასახლებაში“ წყალმომარაგების კუთხით ამ ეტაპზე არსებულ ვითარებას, კომპანიის დირექტორის თქმით, აქ პრობლემა აღმოფხვრილია და დასახლებას წყალი სტაბილურად მიეწოდება.

„მიუხედავად ამისა, დღეს მობილიზებული იქნება 25-კაციანი ჯგუფი, ვაპირებთ სარეზერვო ხაზის მშენებლობას, რათა დამსვენებლების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში პრობლემა არ შეიქმნას და შევძლოთ მთლიანი გუდაურის უწყვეტი წყლის მიწოდებით უზრუნველყოფა“, – განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.

დატოვე კომენტარი