გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე პირია დაკავებული
გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე პირია დაკავებული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის დმანისში მშვიდი ვითარებაა.

„კონფლიქტის მხარეებთან შესაბამისი პირები მუშაობენ“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

ამასთან, ლილუაშვილის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით არიან დაკავებულებიც.

„საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. სერიოზულად დაზარალებული პირების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩხუბის დროს დაშავდნენ ადამიანები. მთავარია, ეს არ უნდა მოინათლოს, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი. ვინც ამას ცდილობს, ის არის ამ ქვეყნის მტერი და ისინი უფრო მკაცრად იქნებიან დასჯილი, რადგან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი და არ უნდა მოხდეს წაქეზება. ეს ჩვენი ქვეყნის წისქვილზე არ ასხამს წყალს“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც ჯგუფურ ძალადობაში გადაიზარდა.

დმანისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე.