გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი მამუკა ღვინიაშვილი აცხადებს, რომ „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“, ასევე ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი მამუკა ღვინიაშვილი აცხადებს, რომ „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“, ასევე ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი მამუკა ღვინიაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

როგორც მამუკა ღვინიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ეთერში გავრცელდა სიცრუე და ცილისწამება, რითაც შეილახა და ზიანი მიადგა გრიგოლ ლილუაშვილის სახელს.

„ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ეთერებით გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობის, მათი შესაძლო ფიგურანტებისა და მონაწილეების შესახებ. გავრცელებული სიუჟეტებით ქოლცენტრებთან შემხებლობაში მყოფ ერთ-ერთ პირად დასახელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. როგორც გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, ვაცხადებ, რომ „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ეთერებით გავრცელებული ინფორმაცია, ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობასთან, თაღლითურ, კრიმინალურ თუ ფულის მოპარვის სქემებთან ან რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფებთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირის შესახებ, არის სრული სიცრუე და ცილისწამება. აღნიშნული ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებით შეილახა და ზიანი მიადგა გრიგოლ ლილუაშვილის სახელს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“, ასევე, ლევან ხაბეიშვილის მიმართ სასამართლოში წარდგენილია სარჩელი. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს: 1) იმ ფაქტების უარყოფა, რომელიც არის სრული სიცრუე და ცილისწამება; 2) მოპასუხეებისთვის ზიანის ანაზღაურების სახით სიმბოლურად ერთი ლარის დაკისრება. განვმარტავთ, რომ საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების მხედველობაში მიღებით, სასამართლოში წარდგენილი გვაქვს არგუმენტირებული და დასაბუთებული სარჩელი. სარჩელის წარდგენის მიზანი კი არის ის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე. სარჩელთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ მომდევნო კვირას, პრესკონფერენციის ფორმატში“, – ნათქვამია განცხადებაში.