გრიგოლ ლილუაშვილი - ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების ფონზე, დაინტერესებული მხარე იყენებდა ყველა საშუალებას, რათა ომი ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალურად დამაზიანებლად წარმართულიყო
გრიგოლ ლილუაშვილი - ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების ფონზე, დაინტერესებული მხარე იყენებდა ყველა საშუალებას, რათა ომი ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალურად დამაზიანებლად წარმართულიყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, 2020 წელს საქართველოს წინაშე რეგიონულ ჭრილში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

ლილუაშვილის თქმით, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების ფონზე, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა ე.წ. საინფორმაციო ომი და დაინტერესებული მხარე იყენებდა ყველა მეთოდსა და საშუალებას, რათა ეს ომი საქართველოსთვის მაქსიმალურად დამაზიანებლად წარმართულიყო.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, აღვნიშნო 2020 წლის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც რეგიონულ ჭრილში ჩვენს წინაშე იდგა. ეს იყო ჩვენს მეზობლად არსებული კონფლიქტი, ვგულისხმობ ყარაბაღს, როდესაც ქვეყანაში მომეტებულად წარმოჩინდა ყველა ის რისკი, რისი გადალახვაც ჩვენ შევძელით ძალიან წარმატებულად.

არსებული, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა ე.წ. საინფორმაციო ომი, დაინტერესებული მხარე იყენებდა ყველა მეთოდსა და საშუალებას, რათა ეს ომი წარმართულიყო მაქსიმალური სიმწვავით და დამაზიანებლად ჩვენი ქვეყნისთვის.

ამას თან ერთვოდა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობით გამოწვეული ის შეზღუდვები, რომლებიც, რა თქმა უნდა, არც ერთი ჩვენი თანამოქალაქისთვის სასიამოვნო არ იყო. ხშირად, ამ საინფორმაციო ომის ფარგლებში, გადაუდებელი ღონისძიებების წინააღმდეგ ხდებოდა ჩვენი თანამოქალაქეების პროვოცირება, საწინააღმდეგო აქციების მოწყობა და მომეტებული აგრესიის ფონზე, ხშირ შემთხვევაში, უკანონო ქმედებებით გამოხატვა.

განსაკუთრებულად ეს შეიმჩნეოდა იმ ორ რეგიონში, სადაც ჭარბად ცხოვრობს ეთნიკური წარმოშობით სომხური და აზერბაიჯანული დიასპორა, ჩვენი თანამოქალაქეები და ამ საინფორმაციო ომის ფარგლებში შეეცადნენ, გაეღვივებინათ შუღლი როგორც ეთნიკურ, ისე რელიგიურ ნიადაგზე“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროვოკაციულ შემოტევებთან გამკლავება შეძლო.

„სამსახურმა შეძლო, გამკლავებოდა ამ პროვოკაციულ შემოტევებს, რაც გამოიხატა ასევე, რაც ჩამოვთვალე, ამ მუხლებით სისხლის სამართლის საქმის, ანუ გამოძიების აღძვრაშიც, რომლის ფარგლებში ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით, გამოგვეკითხა, ტემპერატურა დაგვეწია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ყველა იმ აქტივისტისთვის, რომლებიც სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით ზიზღისა და დაპირისპირების, სიძულვილის ენით ცდილობდნენ კონფლიქტის გაღვივებას.

შესაბამისად, შევძელით, რომ გამოძიების პროცესს მისცემოდა პრევენციული ხასიათი, რამაც ნამდვილად გადააზღვია სიტუაცია აფეთქებისაგან. შესაბამისად, ამ ჰიბრიდული ომის ფარგლებში, ჩვენ ახლო კომუნიკაციაში გახლდით როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის ჩვენს კოლეგა უწყებებთან, რათა მაქსიმალურად აგვეცილებინა თავიდან ეს მოჭარბებული რისკები, რისკი იმისა, რომ კონფლიქტი არ გაგრძელებულიყო საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს შიგნით.

ხშირ შემთხვევაში ის ტროლები, ის საინფორმაციო სახელდახელოდ შექმნილი სააგენტოები, „ფეისბუკ“ მისამართები იმართებოდა რუსეთის ტერიტორიის მხრიდან და აშკარად იკვეთებოდა ტენდენცია, თუ რა სურდა ჩვენს მტრულად განწყობილ მეზობელს ჩვენს ტერიტორიაზე.

ასევე, ამას თან დაერთო მიზანმიმართული, დამაზიანებელი საინფორმაციო კამპანია ჩვენი სამსახურის და ზოგადად, სამართალდამცავი უწყებების მიმართებით, რომელსაც, ჩვენდა გასაკვირად, უფრო სამწუხაროდ, აქტიურად ემსახურებოდა ჩვენი მასმედიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი და ბევრი წყარო.

დეზინფორმაციის სამიზნეს წარმოადგენდა როგორც სამსახურის საქმიანობა, ასევე მისი კონკრეტული თანამშრომლების, სახელებისა და გვარების გამჟღავნება. ამ მიზნისთვის გარკვეული სუბიექტები აქტიურად იყენებდნენ ადამიანების ოჯახურ და პირად ტრაგედიებს, მტკიცებით ფორმაში ვრცელდებოდა ისეთი აბსურდული ვერსიები, რომლებიც აშკარად ემსახურებოდა ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციასა და პირდაპირ წყალს ასხამდა ჩვენი მტრულად განწყობილი მეზობლის ინტერესებს, რასაც ისინი კარგა ხანია, ცდილობენ. ამაში ეხმარებოდნენ ჩვენი თანამოქალაქეები, და ასე ვთქვათ, თავისუფალი მედიის წარმომადგენლები, რაც არის დამაზიანებელი. შეიძლება, ამან გამოიწვიოს ისეთი შედეგები, რომლის გამოსწორებაც ჩვენ გაგვიძნელდეს და ნდობის აღდგენას ბევრი დრო დასჭირდება“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.