გრიგოლ ლილუაშვილი - თუკი ვინმეს წვლილი მიუძღვის საერთაშორისო თაღლითური სქემების წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს არის საქართველოს შესაბამისი მორეაგირე უწყებები გენერალური პროკურატურის მეთაურობით
გრიგოლ ლილუაშვილი - თუკი ვინმეს წვლილი მიუძღვის საერთაშორისო თაღლითური სქემების წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს არის საქართველოს შესაბამისი მორეაგირე უწყებები გენერალური პროკურატურის მეთაურობით

„ქოლცენტრების“ საქმეზე გამოძიებები გრძელდება, მათ შორის საერთაშორისო ფორმატით, ჩემი უწყება არ არის უშუალოდ გამოძიების მაწარმოებელი, რადგან მუხლი არ არის ჩვენი უწყების ქვემდებარე, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გამოძიებას აწარმოებს საქართველოს გენერალური პროკურატურა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო. ლილუაშვილის ინფორმაციით, „ქოლცენტრების“ საქმეზე გამოძიებები საერთაშორისო ფორმატითაც გრძელდება.

„თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ საგამოძიებო ჯგუფში ჩვენი უწყება მონაწილეობს, როგორც საგამოძიებო სამძებრო ღონისძიებების განმახორციელებელ ერთ-ერთ უწყებას, ანუ ამ ჯგუფში ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს. მათ შორის საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში. როდესაც ჩვენი უცხოელი კოლეგები იყვნენ ჩამობრძანებულები, იმ ოპერაციებში ჩვენმა სამსახურმა დიდი წვლილი შეიტანა. იცით ასევე ის, რაც საჯაროდ გავრცელდა, ბატონი კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორების დაკავება. ბიზნესპარტნიორებში ვგულისხმობ „ქოლცენტრების“ თაღლითური საერთაშორისო სქემის მონაწილეებს.

ასევე მინდა, გითხრათ, რომ სწორედ ამ ძალების დაფინანსებული ოთხეულია თუ სამეული, ანტიკორუფციული ბიურო ჰქვიათ თუ რაღაც, სწორედ ამ ჯგუფის დაფინანსებით ეწეოდნენ დეზინფორმაციას და პროპაგანდას საპირისპირო მიმართულებით. სხვათა შორის, პირადად ჩემდამი გაჟღერებული ბრალდებების ფონზე ჩემი ადვოკატის მეშვეობით მესამე ინსტანცია მოვიგეთ და ამ პირებს მოუწევთ საჯარო სივრცეში უარყოფა აღნიშნული ინფორმაციის, მათ შორის იმ ტელეკომპანიების მეშვეობით, სადაც ის გაჟღერდა.

ასე რომ, თუ კი ვინმეს წვლილი მიუძღვის საერთაშორისო თაღლითური სქემების წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს არის საქართველოს შესაბამისი მორეაგირე უწყებები საქართველოს გენერალური პროკურატურის მეთაურობით“,- განაცხადა ლილუაშვილმა.