გრიგოლ ლილუაშვილი ტოივო კლაარს შეხვდა
გრიგოლ ლილუაშვილი ტოივო კლაარს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს, ტოივო კლაარს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილიც.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება და იმსჯელეს უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის როლზე და ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოლაპარაკებების არსებული ფორმატების, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას.