გრიგოლ ლილუაშვილი - ქუთაისში სპეცოპერაცია პროფესიულად ჩატარდა ყველა სამართალდამცავი უწყების მიერ
გრიგოლ ლილუაშვილი - ქუთაისში სპეცოპერაცია პროფესიულად ჩატარდა ყველა სამართალდამცავი უწყების მიერ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ქუთაისში გუშინდელი სპეცოპერაცია პროფესიულ დონეზე ჩატარდა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ყველა სამართალდამცავმა უწყებამ ჩაატარა.

მისივე თქმით, ბანკზე თავდამსხმელი გუშინვე იყო იდენტიფიცირებულია და მასთან დაკავშირებით სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, საქმე გამოძიების პრეროგატივაა.

„გუშინდელი სპეცოპერაცია იყო ჩინებულად ჩატარებული, პროფესიულად, რაც ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყველა სამართალდამცავმა უწყებამ. რა თქმა უნდა, მოხდა პიროვნების იდენტიფიცირება, გუშინვე გამჟღავნდა მისი სახელი და გვარი. დანარჩენ დეტალებს ვერ მოგახსენებთ. ვინაიდან ეს გამოძიების პრეროგატივაა, გამოიძიებენ და ყველაფერს მოგახსენებენ“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით თავდამსხმელმა 14 პირი მძევლად აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.