გრიგოლ ლილუაშვილი - პოლიტიკოსები თუ მაღალ პოლიტიკურ დონეზე რუსეთის წარმომადგენლებთან საუბარს გადაწყვეტენ, ეს გაგვიიოლებს პროცესს, რომ დეოკუპაციისკენ გადავდგათ ნაბიჯები
გრიგოლ ლილუაშვილი - პოლიტიკოსები თუ მაღალ პოლიტიკურ დონეზე რუსეთის წარმომადგენლებთან საუბარს გადაწყვეტენ, ეს გაგვიიოლებს პროცესს, რომ დეოკუპაციისკენ გადავდგათ ნაბიჯები

საგარეო და საშინაო პრაგმატული პოლიტიკის გატარების კვალობაზეა ეს მშვიდობა, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. შესაბამისად, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის უფრო მეტი შანსი ჩნდება, რაც აძლიერებს ჩვენს უსაფრთხოების გარემოსა და უსაფრთხოების დამცავ სფეროს. აღნიშნული ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის არსებობის უპირატესი წინაპირობაა, რასაც ასე ადვილად ვერ ეხება ჩვენი მტრულად განწყობილი მეზობელი, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბუნებრივია, არ უნდა ჩაითვალოს ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად, თუ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის გამტარებელ პირებთან მოხდება რაიმე სახის შეხვედრა და კომუნიკაცია.

„ვინაიდან, თუ ჩვენს ინტერესებს ჩვენ ვერ მივხედავთ, ამას ვერ გააკეთებს ვერც ერთი მეგობარი ქვეყანა ჩვენთვის. შესაბამისად, თუ მტერთან საუბარი არ ვისწავლეთ ისე როგორც საჭიროა, როგორც ცივილურ სამყაროში ხდება, ვფიქრობ, ნაკლები შანსი გვაქვს, რაიმეს მივაღწიოთ დეოკუპაციის მიმართულებით. ჩვენ ჩვენი სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში IPRM-ის შეხვედრებზე, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გვაქვს; ჩვენს მომლაპარაკებელ მხარეს კომუნიკაცია აქვს იქითა მხრიდან წარმოდგენილ მომლაპარაკებლებთან, მათ შორის არიან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები. ჩვენ მათთან ვსაუბრობთ ჩვენი უცხოელი პარტნიორების, საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით. ჩვენ ეს დიალოგი გვაქვს, თუმცა ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები და მოხდეს დანაშაულის პრევენცია. ეს არის ლოკალური ხასიათის შეხვედრები. თუ კი პოლიტიკოსები გადაწყვეტენ, რომ უნდა ესაუბრონ მაღალ პოლიტიკურ დონეზე რუსეთის შესაბამის წარმომადგენლებს, ეს რა თქმა უნდა, გაგვიიოლებს პროცესს, რომ დეოკუპაციისკენ გადავდგათ ნაბიჯები. ამაში ვერაფერს საბულინგოს ვერ ვხედავ, თუმცა ამ ბულინგის მსხვერპლია საჯარო მოხეელების 90%, მათ შორის არიან პოლიტიკოსები“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი თემა, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს რუსეთთან ურთიერთშეხების წერტილების ქონისთვის, ეს არის ტერორიზმთან ბრძოლა.

„ვინაიდან ტერორიზმი საფრთხის შემცველია ნებისმიერი ქვეყნისთვის, ეს ოკუპანტი იქნება თუ ოკუპანტის მსხვერპლი ქვეყანა, ყველასთვის თანაბარი ზიანის მომტანია. შესაბამისად, საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციაში საქართველო იყო ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, არის დღესაც და იქნება მომავალშიც, ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია რუსეთის სპეცსამსახურებთანაც რაღაც კოორდინაციის რაღაც წერტილები მოვძებნოთ, ვინაიდან კავკასიაში მშვიდობა თანაბარი ინტერესის სფერო უნდა იყოს როგორც რუსეთისთვის, ისე საქართველოსთვის, ასევე სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვისაც. ეს შეიძლება განხილვის საგანი, ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

სუს-ის უფროსმა რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრისას ტურიზმისა და კულტურის მიმართულებებზეც გაამახვილა ყურადღება.

„უსაფრთხოების მიმართულებით ერთ-ერთი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს, რაც შეიძლება მეტი დისკუსიის, მეტი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, რაც აუცილებელია იმისთვის რომ ფობიებს ვებრძოლოთ. რუსოფობია ვერ წაგვადგება, ვინაიდან ხალხი აბსოლუტურად გულღიად ხვდება იმ დიდ ტურისტულ ნაკადებს, რომლებიც რუსეთიდან მოედინება. ხალხში არ არის აგრესია რუსი ერის მიმართ, აგრესია გვაქვს და არ ვეთანხმებით ბუნებრივია, რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას საქართველოს მიმართ. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა; ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრმა მიიღო თავისი კოლეგა, სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ დრამატული დასი, სადაც ჩვენი პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი აქტივისტები მიცვიდნენ და შეეცადნენ ჩაეშალათ ეს ღონისძიება, ვინაიდან ის სტუმრები წარმოადგენდნენ რუსეთის მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ასეთი ფობიები არ წაგვადგება შედეგის მიღწევაში, ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ სეგმენტზე გათვლილი გულის მოსაფხანი რეაქციები, თუმცა ეს საქმეს ნამდვილად არ წაადგება. შესაბამისად, თუ იმ ცხრა მილიონი ტურისტიდან ნახევარზე ცოტა მეტი ალბათ იყო რუსულენოვანი სამყაროდან ჩამოსული და ჩვენ მათ გაშლილი ხელით, ღვინით, ჩვენი ტრადიციული სტუმარმასპინძლობით დავხვდით, რატომ უნდა დავხვდეთ აგრესიით ხელოვან ადამიანებს, რომლებსაც სპექტაკლი აქვთ ქუთაისში ჩამოტანილი. უნდა ავირჩიოთ მიმართულებები, რომლებიც ფონს გაგვიყვანს და არ მოგვაქცევს ჩიხში. ვფიქრობ, ეს ფობიური განცდები, მოქმედებები, რეაქციები სწორედ ჩიხში შესაყვან მიმართულებას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს უნდა გადავლახოთ“, – განაცხადა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

დატოვე კომენტარი