გრიგოლ ლილუაშვილი - პანდემიის პერიოდში დეზინფორმაცია ემსახურებოდა ძალოვანი სტრუქტურების, ხელისუფლების მიმართ უნდობლობას, რაც გამოიხატებოდა ე.წ. ექსპერტების მოსაზრებებსა და მოწოდებებში
გრიგოლ ლილუაშვილი - პანდემიის პერიოდში დეზინფორმაცია ემსახურებოდა ძალოვანი სტრუქტურების, ხელისუფლების მიმართ უნდობლობას, რაც გამოიხატებოდა ე.წ. ექსპერტების მოსაზრებებსა და მოწოდებებში

სხვადასხვა აქტორების მიერ მართული დეზინფორმაციული ომის შემთხვევებს, კამპანიებს ადგილი ჰქონდა ასევე საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მიზნით, რათა მომხდარიყო ისედაც დაძაბული პოლიტიკური გარემოს პოლარიზება და რადიკალიზაცია, – ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

ლილუაშვილი აღნიშნულს ჩვეულ მეთოდს უწოდებს და აცხადებს, რომ სპეცსამსახურებმა მსგავსი პრაქტიკა არამარტო საქართველოში, არამედ ვროპის ბევრ ქვეყანაში აქტიურად გამოიყენეს.

„ეს არის ჩვეული მეთოდი, სხვათა შორის ბოლოდროინდელი პრაქტიკით განმტკიცებული რუსული სპეცსამსახურების მხრიდან, რაც მათ აქტიურად გამოიყენეს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაში და ასევე გამოიყენეს აშშ-ის ტერიტორიაზეც. ასევე საინფორმაციო ომში მზარდ ტენდენციად გამოიკვეთა ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები, მათ შორის ონლაინაპლიკაციები, რომელთა დაფიქსირებაც შევძელით, სადაც ხდება საზოგადოებრივ აზრზე განსაკუთრებული მანიპულაციის განხორციელების აშკარა მაგალითები, გვაქვს ეს სახეზე. ასევე, განვაგრძობდით პრევენციული ხასიათის მუშაობას საინფორმაციო ომის ფარგლებში უკვე საქართველოში მოქმედი აქტორების გამოვლენისა და მათი დაფინანსების წყაროების გადაკეტვის კუთხით, რაც მეტწილად გამოგვდიოდა და გამოგვივიდა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

სუს-ის ხელმძრვანელმა დეპუტატებს განუცხადა, რომ ასევე დადგინდა სხვადასხვა აქტორებს შორის ურთიერთკავშირი.

„განსაკუთრებით მტკივნეული იყო დეზინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც პანდემიის პერიოდში ემსახურებოდა არა მარტო ძალოვანი სტრუქტურების, არამედ ზოგადად ხელისუფლების და საჯარო უწყებების მიმართ უნდობლობის გაჩენას. ეს ხშირად გამოიხატებოდა ე.წ. ექსპერტების მოსაზრებებში, მოწოდებებში. ამას, რა თქმა უნდა, მხარს უჭერდნენ ისევ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და მიზანმიმართულად ხდებოდა იმ პრევენციული ღონისძიებებისთვის ხელშეშლა და უნდობლობის გაჩენა, რაც საბოლოო ჯამში კიდევ დაძაბავდა და გააუარესებდა გარემოს, როგორც პანდემიის მიმართულებით, ასევე უსაფრთხოების გარემოს და ასევე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყნისას. კარგად გახსოვთ ყველას, თუ რა საინფორმაციო ომი იყო გაჩაღებული რუსეთიდან მართული საინფორმაციო წყაროების მხრიდან ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, რა საშინელი სიცრუე ტირაჟირდებოდა მოსახლეობაში, თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში ხდებოდა აღნიშნული შტამების შემუშავება და შემდეგ მათი გამოცდა საქართველოს მოქალაქეებზე და მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. დეზინფორმაციის ერთ-ერთ ძირითად ბერკეტს, უფრო სწორად მძლავრ იარაღს წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიები“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ტექნოლოგიურ განვითარებებს თან ახლავს ახალი გამოწვევები, რომლითაც ხშირ შემთხვევაში უსაფრთხოების გარემოზე ზემოქმედება ხორციელდება.

„ნომერ პირველ გამოწვევად არის და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება ტექნოლოგიური მიღწევები, ვინაიდან განვითარება, პროგრესი გარდაუვალია, ჩვენ ამას მივესალმებით, თუმცა ამ ტექნოლოგიურ განვითარებებს თან მოჰყვება ახალი გამოწვევები, რომლითაც ხშირ შემთხვევაში ახდენენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემოზე ზემოქმედებას. არ დაგიმალავთ, ეს არის ახალი გამოწვევები, ეს არ არის კლასიკური გაგებით ტრადიციული გამოწვევები, შესაბამისად ამ ფონზე, ქვეყნის და ჩვენი სამსახურის წინაშე ძალიან აქტუალურ საკითხად რჩება კიბერუსაფრთხოების საკითხების მოგვარება, მოწესრიგება, რასაც ემსახურებოდა ბოლო პერიოდში, 2020 წლის განმავლობაში, მეცხრე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში დაინიცირებული ცვლილებების პაკეტი კანონში, რომელიც იმედი გვაქვს, თავის დადებით დასრულებას ჰპოვებს მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში, რაც კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ არის აუცილებელი, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს წესრიგი ამ მიმართულებით, დაწესდეს აუცილებელი სტანდარტები, რომელიც უნდა დაიცვას როგორც საჯარო სამსახურებმა, ისე კერძო სექტორის იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა, ბანკებმა და ა.შ. და უმორჩილესად გთხოვთ თითოეულ დეპუტატს, გაითვალისწინოთ, რომ ეს საკითხი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ლილუაშვილმა.