გრიგოლ ლილუაშვილი - მსურს, დავარწმუნო საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ პირთა ოჯახები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება, სახელმწიფოს შესწევს ამის ძალა და აქვს პრაქტიკა
გრიგოლ ლილუაშვილი - მსურს, დავარწმუნო საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ პირთა ოჯახები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება, სახელმწიფოს შესწევს ამის ძალა და აქვს პრაქტიკა

მსურს, დავარწმუნო პირველ რიგში, უკანონოდ დაკავებული პირთა ოჯახები, ასევე პატივცემული დეპუტატები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე, სუს-ის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის მიმართულებით დაფიქსირდა 11, ხოლო ცხინვალის მიმართულებით 70 უკანონო დაკავება.

„2021 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, იმყოფებოდა საქართველოს შვიდი მოქალაქე, მათ შორის ირაკლი ბებუა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა ცხრა წლის ვადით. მსურს, დავარწმუნო პირველ რიგში, უკანონოდ დაკავებული პირთა ოჯახები, ასევე პატივცემული დეპუტატები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან. საქართველოს სახელმწიფოს შესწევს იმის ძალა და აქვს პრაქტიკა, თუ როგორ განახორციელოს ეს გათავისუფლება. ამის დადასტურებად შეგვიძლია, მოვიყვანოთ ძალიან ბევრი მშვიდობით დასრულებული უკანონო პატიმრობა, თუმცა, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს საპირისპირო ერთეული შემთხვევებიც“, – განაცხადა ლილუაშვილმა.