გრიგოლ ლილუაშვილი - ხშირ შემთხვევაში ისე ხდება, რომ სამოქალაქო სექტორის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიედ, არა ქვეყნის კეთილმოსურნე ძალების, არამედ დამნაშავე პიროვნებების უაპელაციოდ დაცვის მხარედ გვევლინება
გრიგოლ ლილუაშვილი - ხშირ შემთხვევაში ისე ხდება, რომ სამოქალაქო სექტორის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიედ, არა ქვეყნის კეთილმოსურნე ძალების, არამედ დამნაშავე პიროვნებების უაპელაციოდ დაცვის მხარედ გვევლინება

ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სამოქალაქო სექტორი, ყველა არა, მათი ნაწილი ნებსით თუ უნებლიედ გვევლინება, არა ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნე ძალების მხარეს, არამედ დამნაშავე პიროვნებების უაპელაციოდ დაცვის მხარედ, რაც აქეზებს და სტიმულს აძლევს დანაშაულის განმეორებით ჩადენის ხასიათს, – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა,მნიშვნელოვანია, როგორც მოსახლეობასთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან რაც შეიძლება მეტი ახსნა-განმარტებითი დიალოგის წარმოება.

„მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორთან ჩვენი თანამშრომლობა ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სამოქალაქო სექტორი, მადლობა ღმერთს, რომ ყველა არა, მათი ნაწილი ნებსით თუ უნებლიედ გვევლინება, არა ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნე ძალების მხარეს, არამედ დამნაშავე პიროვნებების უაპელაციოდ დაცვის მხარედ, რაც აქეზებს და სტიმულს აძლევს დანაშაულის განმეორებით ჩადენის ხასიათს. ამ ხასიათიდან გამომდინარე, მოტივაციას უზრდის დანაშაულის ჩამდენ პირებს, რათა რიგ შემთხვევაში მათ ევლინებათ დამცველებად „უზარმაზარი რეპუტაციების“ მქონე უფლებადამცველი ორგანიზაციები და კონკრეტული პირები.

მნიშვნელოვანია, როგორც მოსახლეობასთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან რაც შეიძლება მეტი ახსნა-განმარტებითი დიალოგის წარმოება. უფრო მეტი ინფორმაციის მიცემა. არსებობს დახურული თემები, მაგრამ არსებობს თემები, რომელთა გახსნაც შეიძლება. ყოველთვის გამოვთქვამთ ურთიერთანამშრომლობის მზაობას. ჩვენ არ დავიშურებთ არაფერს, რათა მეტი სიცხადე შევძინოთ თითოეულ საკითხს და მათთვის ეს იყო ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, სამსახურს კარგი ურთიერთობა აქვს დამყარებული რაციონალურ ექსპერტებთან, რომლებიც არ გამოირჩევიან ყალბი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით და გააჩნიათ ხედვები ქვეყნის უსაფრთხოების უკეთესი ჩარჩოს ჩამოსაყალიბებლად.

„აღნიშნული მიმართულებით ჩავატარეთ რამოდენიმე კონფერენცია, ჩვენ მიერ იქნა მათთვის გაზიარებული ყველა ის გამოწვევა ჩვენი საქმიანობის შესახებ, ინფორმაცია მივაწოდეთ ასევე რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ, რამაც მათ საშუალება მისცათ, რომ შემდგომში საჯარო განცხადებების ფორმატში გაეთვალისწინებინათ ის რისკები და საფრთხეები, რაც შეიძლებოდა გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში გამოეწვია ჩვენი ქვეყნისათვის“, – განაცხადა ლილუაშვილმა.