გრიგოლ ლილუაშვილი - ინფორმაცია, თითქოს თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები საქართველოს გავლით გადაადგილდებიან, არის სიცრუე და მიზნად ისახავს რეგიონში ვითარების ესკალაციას
გრიგოლ ლილუაშვილი - ინფორმაცია, თითქოს თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები საქართველოს გავლით გადაადგილდებიან, არის სიცრუე და მიზნად ისახავს რეგიონში ვითარების ესკალაციას

ინფორმაციას, თითქოს თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილდებიან, არის სიცრუე და მიზნად ისახავს რეგიონში ვითარების ესკალაციასა და დაძაბვას, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს გაიმართა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელზეც ვიმსჯელეთ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განვითარებულ პროცესებსა და რეგიონში შექმნილ დაძაბულ ვითარებაზე. ასევე განვიხილეთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები და ის რისკები, რაც უსაფრთხოების მიმართულებით იკვეთება.

მინდა, გამოვეხმაურო სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილდებიან. ამავე წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კეთდება კონკრეტული მოწოდებები, რათა გადაიკეტოს აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გავრცელებულ ინფორმაციას, რაც შეეხება მებრძოლების გადაადგილებასთან დაკავშირებით, არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად, რეგიონში ვითარების ესკალაციასა და დაძაბვას“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან.

„უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება მიიღება რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების დარეგულირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ნებისმიერი აქტივობის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ასევე, რეგიონში არსებულ სტაბილურობას, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.