გრიგოლ ლილუაშვილი გიორგი კანდელაკს - ოკუპანტი საქართველოშიც ოკუპანტია და მის ფარგლებს გარეთაც, თქვენი პოლიტიკური გუნდის ბევრი წევრი კი, მათთან ფოტოებზე არიან მეგობრულ ფორმებში
გრიგოლ ლილუაშვილი გიორგი კანდელაკს - ოკუპანტი საქართველოშიც ოკუპანტია და მის ფარგლებს გარეთაც, თქვენი პოლიტიკური გუნდის ბევრი წევრი კი, მათთან ფოტოებზე არიან მეგობრულ ფორმებში

სერგეი გავრილოვის ვიზიტის თაობაზე საქმის კურსში იყო ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, თუ ვინმეს განცხადების გაკეთება უნდოდა, სანამ გავრილოვი სავარძელში ჩაჯდებოდა, მანამდე უნდა ამოგვეღო ხმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გრიგოლ ლილუაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გიორგი კანდელაკმა გრიგოლ ლილუაშვილს კითხვა დაუსვა სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, გავრილოვის ვიზიტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე არაერთხელ გამოითქვა პოზიცია, რომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ აიღო.

„რამდენად თანაბარზომიერი იყო ეს პასუხისმგებლობის სიმძიმე პროვოკაციასთან მიმართებაში, ჩემი შესაფასებელი ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, თანაფარდი იყო და საკმაოდ ადეკვატური. ეს ჩემი პირადი შეფასებაა და არა როგორც სამსახურის უფროსის.

ამასთან, გიორგი კანდელაკს აინტერესებს, გასცა თუ არა სუს-მა რეკომენდაციები, დიახ, გასცა და რამდენიმე პირის შეკავება ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა, რომლითაც უშუალოდ დარღვეული იყო ოკუპაციის შესახებ კანონი და შემჩნეული იყვნენ დესტრუქციულ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართულ განცხადებებში.

გავრილოვს არ ჰქონდა დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ. დამეთანხმებით, რომ ოკუპანტი საქართველოშიც ოკუპანტია და მის ფარგლებს გარეთაც. შესაბამისად, თუ ფოტოსურათებით და განცხადებებით ვიმსჯელებთ, თქვენი პოლიტიკური გუნდის ბევრი წევრი მათთან ფოტოსურათებზეა აღბეჭდილი ძალიან მეგობრულ ფორმებში. თუ ოკუპანტი არის ჩვენს ქვეყანაში ოკუპანტი, რატომ არ არის ის ოკუპანტი თქვენთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ. აღნიშნული ვიზიტის განხორციელების თაობაზე საქმის კურსში იყო ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, მათ შორის პარლამენტში წარმომადგენელიც. თუ ვინმეს რამე განცხადების გაკეთება უნდოდა, გავრილოვი სანამ ჩაჯდებოდა სავარძელში, მანამდე უნდა ამოგვეღო ხმა“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.