გრიგოლ ლილუაშვილი - ერთი საფეხურით ზემოთ ასვლა ჩემი ხედვებისა და პრინციპების ცვლილებას ვერ გამოიწვევს
გრიგოლ ლილუაშვილი - ერთი საფეხურით ზემოთ ასვლა ჩემი ხედვებისა და პრინციპების ცვლილებას ვერ გამოიწვევს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ მის ხედვებსა და პრინციპებზე სამსახურეობრივი დაწინაურება გავლენას ვერ მოახდენს.

ჟურნალისტებთან საუბარში გრიგოლ ლილუაშვილი მის აპოლიტიკურობასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.

„ორი წელი მოადგილის მოვალეობას ვასრულებდი. ორ წელში, რამდენიმე არჩევნები ჩატარდა და თუ ვინმეს განვლილი კარიერის მანძილზე ამის თქმის საფუძველი მივეცი, შემიძლია, ბრალდებებსა და ეჭვებს პასუხი გავცე, თუმცა თუ მსგავსი ფაქტები არ შეინიშნება, ერთი საფეხურით ზემოთ ასვლა ჩემი ხედვებისა და პრინციპების ცვლილებას ვერ გამოიწვევს”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა დღეს, თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მას 11-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე გადაწყდება, პლენარულ სხდომაზე როდის უყრიან კენჭს გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას. მას თანამდებობაზე არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.