გრიგოლ ლილუაშვილი - ჩვენი თვითმიზანი არ არის მხოლოდ უკანონოდ დაკავებული პირების მშვიდობით გამოხსნა, მიზანია ოკუპაციის, საერთო პრობლემის გადაწყვეტა
გრიგოლ ლილუაშვილი - ჩვენი თვითმიზანი არ არის მხოლოდ უკანონოდ დაკავებული პირების მშვიდობით გამოხსნა, მიზანია ოკუპაციის, საერთო პრობლემის გადაწყვეტა

ჩვენი თვითმიზანი არ არის მხოლოდ უკანონოდ დაკავებული პირების მშვიდობით გამოხსნა, ჩვენი მიზანი არის ოკუპაციის, საერთო პრობლემის გადაწყვეტა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა „რუსთავი-2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი თუ სუს-ის კონკრეტული ქმედება კონცენტრირებულია მხოლოდ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე.

„ერთი პიროვნება, ბებუა რჩება სოხუმის ციხეში, ხოლო ხუთი ჩვენი მოქალაქე ცხინვალის ციხეში იმყოფება დღესდღეობით. სამსახური ბოლომდეა ჩართული პროცესში, რომელიც როგორც წესი და უმეტეს შემთხვევაში მთავრდება კონკრეტული, დადებითი შედეგით, თუმცა ეს მიზერია იმასთან შედარებით, რაც გვინდა, რომ გავაკეთოთ. ჩვენი თვითმიზანი არ არის მხოლოდ უკანონოდ დაკავებული პირების მშვიდობით გამოხსნა, ჩვენი მიზანი არის ოკუპაციის, საერთო პრობლემის გადაწყვეტა, თუმცა ჩვენ ამას ვუყურებთ უსაფრთხოების ჭრილში ჩვენი ნებისმიერი ქმედება და ჩართულობა ამ პროცესში უკავშირდება უსაფრთხოებას და კრიმინალს. ეს არის გლობალური, ჩვენი ქვეყნისთვის არსებითი პრობლემა და ამ პრობლემის გადაწყვეტაში ბუნებრივია, წამყვანი ვიქნებით ჩვენ, უწყება. ეს არის ქართული პოლიტიკის და ნებისმიერი ხელისუფლების, რომელიც ყოფილა, არის, თუ მომავალში იქნება, ნომერ პირველი გადასაჭრელი პრობლემა. საკითხი, რომელიც უნდა დასრულდეს და გადაწყდეს დეოკუპაციით, ჩვენი დროებით დაკარგული ტერიტორიების შემოერთებით და რაც მთავარია, ჩვენი ოსი და აფხაზი ძმების დაბრუნებით. ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლების ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი თუ ჩვენი სამსახურის კონკრეტული ქმედება კონცენტრირებულია მხოლოდ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე, რომელიც გამორიცხავს ჩვენი მხრიდან ძალისმიერ ჩარევებს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.