გრიგოლ ლილუაშვილი - აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგი უნდა გვქონდეს, თუმცა ფრთხილად ვიყოთ, რომ პასუხისმგებლობა არ აიცილოს ძალამ, რომელიც ამ ტერიტორიებზე რეალურ კონტროლს ახორციელებს
გრიგოლ ლილუაშვილი - აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგი უნდა გვქონდეს, თუმცა ფრთხილად ვიყოთ, რომ პასუხისმგებლობა არ აიცილოს ძალამ, რომელიც ამ ტერიტორიებზე რეალურ კონტროლს ახორციელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელდა მოსაზრება აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის შესახებ.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ის რისკები, რაც შეიძლება, თან ახლდეს ამ პროცესს.

ამასთან, ლილუაშვილის განმარტებით, დეზინფორმაციული მანქანის მეშვეობით ყოველთვის იქმნებოდა იმიტაცია, თითქოსდა საქართველოს ხელისუფლება თავს არიდებდა ორმხრივ დიალოგზე დათანხმებას.

ამას კი, ლილუაშვილის განცხადებით, კარგად იყენებდნენ რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები.

„2020 წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელდა მოსაზრება აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის შესახებ. მინდა, თქვენც ამ საკითხზე საუბრისას, დისკუსიისას გაითვალისწინოთ ის რისკები, რაც შეიძლება, თან ახლდეს ამ პროცესს. შესაბამისად, დეზინფორმაციული მანქანის მეშვეობით ყოველთვის იქმნებოდა იმის იმიტაცია, თითქოსდა საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა თავს არიდებდა ორმხრივ დიალოგზე დათანხმებას.

ამას კარგად იყენებდნენ ჰიბრიდული მანქანის მფლობელი ძალები, კონკრეტულად, რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რათა გაეწიათ დისკრედიტაცია მიმდინარე მოლაპარაკებების ფორმატისთვის, რაც ხორციელდება ჟენევაში, სადაც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვსაუბრობთ საერთო პრობლემებზე, რაც უკავშირდება ოკუპაციას.

ასევე, ემსახურებოდა იმ ფორმატის აბსოლუტურ დისკრედიტაციას, რაც არის გამყოფ ხაზთან უსაფრთხოების და კრიმინალის სფეროში თანამშრომლობის არსებული ფორმატი, სადაც ჩვენ აქტიურად თანავმონაწილეობთ. და ყველა იმ ფორმატს, რომელიც დღემდე არსებობს, ეფექტურად, თუ არაფექტურად, შედეგების მიხედვით, ყველა ამ მექანიზმს ეწინააღმდეგებოდა ეს ნარატივი“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში, სადაც დეპუტატებს უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს აცნობს.

ლილუაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აფხაზ და ოს ძმებთან უნდა ისაუბრონ, თუმცა ფრთხილად უნდა იყონ, რომ პასუხისმგებლობა არ აიცილოს ძალამ, რომელიც რეალურად ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე.

„ძალიან პოპულარული გახდა ბოლო დროს საუბარი, რომ ჩვენ პირდაპირი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. რა თქმა უნდა, ეს უპირობოდ ასეა, ჩვენ  მათ უნდა ვესაუბროთ, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამ მოლაპარაკებებში არ შევრჩეთ ერთმანეთს და პასუხისმგებლობა არ აიცილოს ძალამ, რომელიც რეალურად ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.