გრიგოლ ლილუაშვილი - ბირთვული საფრთხეების პრევენციის მიმართულებით სუს-ის გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყანა წარმატებით იზიარებს
გრიგოლ ლილუაშვილი - ბირთვული საფრთხეების პრევენციის მიმართულებით სუს-ის გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყანა წარმატებით იზიარებს

ბირთვული საფრთხეების პრევენციის მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევა და ქმედებები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონულ ჭრილში, – ამის შესახებ სუს-ის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა თბილისის მესამე საერთაშორისო ფორუმზე: „შავი ზღვის რეგიონული და გლობალური ბირთვული წესრიგი“ განაცხადა. ინფორმაციას სუს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დღეს ამ მიმართულებით დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება შეუძლია. ამ გამოცდილებას წარმატებით იზიარებენ ჩვენი კოლეგა უწყებები სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიც. საქართველოს მაგალითი მათთვის არის სანიმუშო, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყნისა და უწყების მაგალითი ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა.

თბილისის მესამე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში განიხილეს შემდეგი საკითხები: შავი ზღვის რეგიონის ბირთვული უსაფრთხოება და კონტროლის მექანიზმები; საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული ძალისხმევა ბირთვული ტერორიზმის საფრთხის შემცირებისთვის; ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირება და რეგიონში რუსეთის მიერ კონტროლირებად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი. ასევე – თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წევრი ირაკლი მჭედლიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდი და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვივიანა სანდბერგი.

სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმის ორგანიზატორია სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო თანაორგანიზატორები არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო. ფორუმის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ ბირთვულ და რადიაციულ სფეროში მომუშავე როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები და ოფიციალური პირები აშშ-დან, ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან. მონაწილე ქვეყნები აქტიურად არიან ჩართული „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების“ ყოველწლიური მიმოხილვის პროცესში.