გრიგოლ ხურციძე - საშუალო სიმძიმის პაციენტების რაოდენობამ იკლო, მაგრამ მძიმე პაციენტების რაოდენობა სტაბილურად იგივეა, რეანიმაციები ფაქტობრივად, სავსეა
გრიგოლ ხურციძე - საშუალო სიმძიმის პაციენტების რაოდენობამ იკლო, მაგრამ მძიმე პაციენტების რაოდენობა სტაბილურად იგივეა, რეანიმაციები ფაქტობრივად, სავსეა

არამძიმე პაციენტების რაოდენობამ იკლო, მაგრამ მძიმე პაციენტების რაოდენობა სტაბილურად იგივეა და რეანიმაციები ფაქტობრივად, სავსეა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკურმა დირექტორმა, გრიგოლ ხურციძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„საშუალო სიმძიმის პაციენტების რაოდენობამ იკლო. აქ ისიც გვეხმარება, რომ სახელმწიფო გამოვიდა პროექტით, რომელსაც კლინიკური ჰოსპიტლები ჰქვია და ვცდილობთ, საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები იქ გადავანაწილოთ. რაც შეეხება რეანიმაციებს, პაციენტების რაოდენობა ბევრი მიზეზის გამო იმატებს. ვინც გადარჩა, სამწუხაროდ, ფილტვების საკმაოდ დიდი დაზიანებები აქვს. ეს ტრენდი მარტო ჩვენთან არ არის, მთელი მსოფლიო ამას ხედავს. თუ ეს ადამიანები გადარჩებიან, მძიმე დაავადება ჰქონდათ და მათ არა მარტო ხანგრძლივი მკურნალობა, არამედ რეანიმაციაში ყოფნა უწევთ. ისე არ არის, რეანიმაციაში დაწვე და იქიდან ორ კვირაში გამოხვიდე. განსაკუთრებით, თუ ახალგაზრდა ხარ. იმიტომ, რომ შენი ორგანიზმის რესურსი დიდია. შენ შეგიძლია, ვირუსს ებრძოლო, მაგრამ ამ ვირუსთან ბრძოლა დროში იწელება და ეს შეიძლება, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. ამიტომ არის, რომ ამ ხანგრძლივად მებრძოლი პაციენტების მიერ ბევრი რეანიმაციული საწოლის დაკავება ხდება. მათ ვერსად ვერ გადაიყვან“, – განაცხადა ხურციძემ.

ამ განცხადებით გრიგოლ ხურციძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა მდგომარეობაა ჰოსპიტალურ სექტორში დღეს, როცა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა იკლო.

როგორც გრიგოლ ხურციძემ აღნიშნა, უახლოეს დღეებში ტენდენციის კლებას ვერ დაინახავს, რადგან 400-ზე მეტი ადამიანი საკმაოდ მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მისი თქმით, საქართველოში ვენტილატორი არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ვენტილატორის მომსახურე ექიმიც იმდენივეა, ისინი იგივე ხასიათზე არიან, იგივენაირად შრომისუნარიანი და პაციენტს იგივე ყურადღებით მიხედავენ, რადგან ეს ხალხიც გადაიღალა, ბევრი დასნებოვნდა, რამდენიმე ათეული საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო და რამდენიმე მათგანი გარდაიცვალა კიდეც.

„ინფექციას თავი რომ გავანებოთ, ეს ხალხი ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. როდესაც ეს პანდემია დაიწყო, იტალიის ქალაქებიდან, მერე პარიზიდან, ამსტერდამიდან, მადრიდიდან, ნიუ იორკიდან და ა.შ. რომ ხედავდით კადრებს, სურათები ხომ გახსოვთ, ექიმები და ექთნები სახეზე ნაჭდევებით და ჩაღამებული თვალებით?! აი, ზუსტად ასეთი სიტუაცია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ 50-60 და 350-მილიონიან ქვეყნებზე, ჩვენ კი სულ რაღაც მილიონ ნახევარი ვართ, თუნდაც, თბილისში რომ ავიღოთ. ეს ხალხი რომ გავიდეს, ჩამნაცვლებელი ფიზიკურად აღარავინ აღარ არის. ეს ხალხი ფაქტობრივად, დასვენებას ითხოვს. იმას არ ვიტყვი, რომ ხელი აქვთ ჩაქნეული და ბრძოლა არ უნდათ. უბრალოდ, ადამიანურადაც უნდა გავუგოთ, რადგან ძალიან დაიღალნენ“, – განაცხადა გრიგოლ ხურციძემ.