გრიგოლ გიორგაძემ იაგო ხვიჩიას მიმართა - მტრის წისქვილზე თუ ვინმე ასხამს წყალს, ეს არის საქმიანობა, რომელსაც თქვენ ეწეოდით, ათასობით ახალგაზრდა ვითომ ეპისკოპოსი რომ გახადეთ
გრიგოლ გიორგაძემ იაგო ხვიჩიას მიმართა - მტრის წისქვილზე თუ ვინმე ასხამს წყალს, ეს არის საქმიანობა, რომელსაც თქვენ ეწეოდით, ათასობით ახალგაზრდა ვითომ ეპისკოპოსი რომ გახადეთ

მტრის წისქვილზე თუ ვინმე ასხამს წყალს, ეს არის ის საქმიანობა, რომელსაც თქვენ ეწეოდით, ათასობით ახალგაზრდა ვითომდა ეპისკოპოსი რომ გახადეთ, – ასე მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ „გირჩის“ წევრს, იაგო ხვიჩიას.

გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთა, რაც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსს“ განიხილავენ, იგო ხვიჩიამ გრიგოლ გიორგაძეს მიმართა: „ბატონო გრიგოლ, მგონი, თქვენ კარგი წამოცდენა გქონდათ, მოხალისეობის სფეროს კრიმინალიზება ხდებაო. მგონია, რომ ეს არის ერთ-ერთი დიაგნოზი ამ კოდექსის, რატომაც არის ის მტრის სასარგებლო „თავდაცვის კოდექსი“. მტრის სასარგებლო „თავდაცვის კოდექსია“ იმ ნაწილშიც, ომი რომ დაიწყება, თავდაცვის სამინისტროს მთავარი საქმიანობა საკუთარი მოსახლეობისთვის იარაღის წართმევა რომ ხდება“.

გრიგოლ გიორგაძის თქმით, „თავდაცვის კოდექსის“ მთელი სულისკვეთებაა, გაძლიერდეს თავდაცვისუნარიანობა და მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია.

„ბევრჯერ გაიმეორეთ თქვენ, მათ შორის ტელევიზიებში, მტერს ახსენებთ ხშირად. „თავდაცვის კოდექსს“ მოიხსენიებთ, როგორც ჯარის დამანგრევლად და აქვე უნდა გიპასუხოთ, თუ ვინმე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ეს არის ის საქმიანობა, რომელსაც თქვენ ეწეოდით, ათასობით ახალგაზრდა ვითომდა ეპისკოპოსი რომ გახადეთ და ამ დროს რეალურად დააკლდა ჯარს. კამპანია, რაც მიმდინარეობს, თქვენი დეზინფორმაცია, ვითომდა იარაღის ჩამორთმევა უნდა მოხდეს ომიანობის დროს და ა.შ. ამ დროს „თავდაცვის კოდექსის“ მთელი სულისკვეთება არის, რომ გაძლიერდეს თავდაცვისუნარიანობა, მეტი ორგანიზებულობა იყოს და ამისთვის სამართლებრივი საფუძვლები იქმნება. თქვენ აქ ქირქილით ამ ყველაფერს დისკრედიტაციას უკეთებთ. ყოველ შემთხვევაში, გაქვთ მცდელობა, და ეს მცდელობა რომ მცდელობად დარჩა, კარგად გამოჩნდა, თქვენ რომ შეეცადეთ ახალგაზრდების შეკრებას, რამდენი ახალგაზრდა მოვიდა იმ ისტერიის, დეზინფორმაციის ფონზე. მინდა, მადლობა ვუთხრა საზოგადოებას იმისთვის, რომ არ აყვნენ დეზინფორმაციას“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.