გრიგოლ გიორგაძე - ნათელია, რა სურს რუსეთს, ვიმყოფებით ოკუპაციის პირობებში, გვაქვს აქტიური თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან, რათა პულსზე გვეჭიროს ხელი და გვქონდეს ინფორმაცია
გრიგოლ გიორგაძე - ნათელია, რა სურს რუსეთს, ვიმყოფებით ოკუპაციის პირობებში, გვაქვს აქტიური თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან, რათა პულსზე გვეჭიროს ხელი და გვქონდეს ინფორმაცია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობის ინტენსივობა იზრდება.

„გასულ წელს თუ მაგალითად 15 საერთაშორისო სწავლება ჩატარდა, წელს 25 საერთაშორისო სწავლება იგეგმება. ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, რაც ხელს უწყობს ჩვენი თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის ზრდას, სამხედრო მზადყოფნას. ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. ძალიან ნათელია, რა სურს რუსეთს ჩვენგან. ვიმყოფებით ოკუპაციის პირობებში და საფრთხეები ყოველდღიურად არსებობს. ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან და ალიანსთან, რათა პულსზე გვეჭიროს ხელი და გვქონდეს ინფორმაცია, გავაკეთოთ ანალიზი, თუ რა უნდა განხორციელდეს, რომ საფრთხეები იყოს არიდებული და შეკავებული“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

მისივე განმარტებით, უსაფრთხოების გასაღები არის ალიანსთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობაში, რაც მოიცავს თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის ზრდას, ასევე სამხედრო აღჭურვას.

„ეს გადამზადებები და პოლიტიკური დიალოგი არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი. ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდება, რათა მივაღწიოთ მიზანს, რაც არის ქვეყნის უსაფრთხოება და ნატო-ში ინტეგრაცია“, – დასძინა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ.