გრიგოლ გიორგაძე აფხაზეთიდან დევნილებს საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ ხვდება
გრიგოლ გიორგაძე აფხაზეთიდან დევნილებს საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ ხვდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე აფხაზეთიდან დევნილებს საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ ხვდება.

როგორც გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, ახალი სიები მაისში გასაჯაროვდება და წელს 800-მდე ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ფართს.

ამასთან, გრიგოლ გიორგაძე დევნილებს საინიციატივო ჯგუფის შექმნას სთავაზობს. მინისტრის მოადგილე მზად არის, ყველა ოჯახის მონაცემი ინდივიდუალურად განიხილოს.

გიორგაძე დევნილების მიერ კორპუსებში შესვლას უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ ამგვარი ქმედებით პროცესი ჭიანურდება. მინისტრის მოადგილის თქმით, დევნილთა პროტესტი გასაგებია და მათი მოთხოვნა ბინებით დაკმაყოფილების შესახებ ლეგიტიმურია, თუმცა დევნილებმა პროტესტის ამგვარ ფორმაზე უარი უნდა თქვან.

საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ აფხაზეთიდან დევნილი 150-მდე ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს.

დევნილებმა საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართული გუშინ დაიკავეს. ისინი ფართების გადაცემას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებს გააგრძელებენ. დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს.