გრიგოლ გეგელია - წამყვანი სახელმწიფოების სანქციები ქართველი ხალხის ურყევი ბრძოლის, გამარჯვებული კოალიციის კოორდინირებული მუშაობისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია
გრიგოლ გეგელია - წამყვანი სახელმწიფოების სანქციები ქართველი ხალხის ურყევი ბრძოლის, გამარჯვებული კოალიციის კოორდინირებული მუშაობისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია

მშვიდობიანი მოქალაქეების დატერორებას და სახელმწიფოს მოტაცების მცდელობას საერთაშორისო თანამეგობრობა უპასუხოდ არ ტოვებს, დასავლეთი მოქმედებს მწვავედ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციები არის ქართველი ხალხის ურყევი ბრძოლის, გამარჯვებული კოალიციის კოორდინირებული მუშაობისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი.

„გარდა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა კონკრეტული პირებისთვის, აგრეთვე დაწესებულია ფინანსური და ეკონომიკური სანქციები, რაც გაგრძელდება, ვიდრე არალეგიტიმური რეჟიმი არ შეწყვეტს ტერორიზმს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და არ დაინიშნება ახალი არჩევნები. დადგა მომენტი, როდესაც ბოროტმოქმედთა დაჯგუფებას, სახელად „ქართული ოცნება“ არამარტო არ აღიარებს არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო, არამედ ახლა უკვე ჰყავს სანქცირებული ლიდერები, მათ შორის, მოქმედი ე.წ. პრემიერი და ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის „მაგნისტკის სიაში“ შეყვანა არის ამ რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების, ადამიანების დევნის, წამების, გატაცების, დატერორების პირდაპირი აღიარება სრულიად ცივილიზებული მსოფლიოს მიერ.

საყურადღებოა, რომ გარდა მაგნიტცკის სანქციებისა, აშშ-მ ასევე დააწესა დამატებითი სავიზო სანქციები სხვადასხვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მმართველებსა და მათ ოჯახებზე, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ საკუთარ უფლებამოსილებას და ზღუდავდნენ ადამიანების უფლებას, თავისუფლად და ძალდატანების გარეშე მიეცათ ხმა. ამ ნაბიჯით, აშშ-მა კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო მკაფიოდ დააფიქსირა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში არ ჩატარებულა დემოკრატიული არჩევნები, რომელსაც რაიმე ლეგიტიმაცია შეიძლება, ჰქონდეს; კრიმინალური, სანქცირებული რეჟიმის პირობებში წარმოუდგენელია სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირება; სრულად გაუქმებულია უსაფრთხოების და განვითარების შანსები და გაჩერებულია თანამშრომლობა კრიტიკული მიმართულებებით, როგორიცაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ინვესტიციები, ზრდა და განვითარება. ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს შავ ლაქას საქართველოს ისტორიაში, რომლის წყალობით ყოველი დღე, რომელსაც საქართველო გაატარებს არალეგიტიმური რეჟიმის მმართველობის ქვეშ, უდიდეს დარტყმას აყენებს თითოეული მოქალაქის ფინანსურ, ფიზიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობას. ყოველი დღე, რომელსაც საქართველო გაატარებს სანქცირებული, კრიმინალი ლიდერების მმართველობის ქვეშ არის დღე, რომელიც ქართველმა ერმა დაკარგა კეთილდღეობისკენ, მშვიდობისკენ, ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მიმავალ გზაზე. აქ არ არსებობს გამონაკლისები, ბოროტმოქმედი რეჟიმის წყალობით, მნიშვნელოვნად დაზარალდება თითოეული მოქალაქე, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა.

დაბოლოს, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციები არის ქართველი ხალხის ურყევი ბრძოლის, გამარჯვებული კოალიციის კოორდინირებული მუშაობისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. მინდა, თითოეულმა პატრიოტმა მოქალაქემ იცოდეს, რომ მისი წვლილი ამ პროცესში ფასდაუდებელია. ახლა როგორც არასდროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ, ყველა ჩვენგანმა განგრძობითად შეიტანოს საკუთარი წვლილი თვითგამოცხადებული რეჟიმის მშვიდობიანი ჩამოშლის საქმეში. ამასთან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მეტმა და მეტმა დიპლომატმა, საჯარო მოხელემ და ძალოვანმა მიატოვოს ბოროტმოქმედი რეჟიმი, რომელმაც განახორციელა საკონსტიტუციო გადატრიალება და საკუთარ ერს ღია ომი გამოუცხადა“, – განაცხადა გეგელიამ.