გრიგოლ გეგელია - ვიზრუნებთ ხალხის ხმის დაბრუნებაზე პოლიტიკაში
გრიგოლ გეგელია - ვიზრუნებთ ხალხის ხმის დაბრუნებაზე პოლიტიკაში

საინიციატივო ჯგუფის მიერ მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგენილი გრიგოლ გეგელიას წარდგენა მთაწმინდაზე სახალხო მხატვრის, მოსე თოიძის სახლ-მუზეუმში მოხდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი არის სოციალური მიმართულება და ეკოლოგიის დაცვა.

„გვექნება საოლქო თემატიკა და ეროვნული თემატიკა. პოლიტიკაში დავაბრუნებთ მთელ რიგ ისეთ საკითხებს, რომელიც მივიწყებულია ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის ავარიულ სახლებზე მუშაობა, საჯარო სივრცის უკან დაბრუნება. ჩვენ ვხედავთ შემზარავ სიტუაციას სწორედ ამ ოლქში, სადაც დიდი კაპიტალი მუდმივად ემუქრება საჯარო სივრცეს და საზოგადოების ინტერესს. ვიზრუნებთ ამაზე და გვექნება მტკიცე და მკაფიო პოზიცია განვითარების თაობაზე. ვემხრობით განვითარებას, მაგრამ ვემხრობით მხოლოდ სოციალურად პასუხისმგებელ განვითარებას, მხოლოდ საჯარო ინტერესებთან თანხვედრაში მყოფ განვითარებას.

დავიცავთ აგრეთვე ეკოლოგიურ საკითხებს, სუფთა ჰაერის უფლებას დავიცავთ, რომელიც ჩამორთმეული აქვთ ჩვენ მოქალაქეებს. დავიცავთ მშრომელთა უფლებებს. ვიზრუნებთ ხალხის ხმის დაბრუნებაზე პოლიტიკაში, რომელიც დღეს სრულიად უგულებელყოფილია და რაც მთავარია, ვიქნებით ჩვენი ხალხის გვერდით და ამით შევეცდებით დაკარგული პოლიტიკური ნდობა აღვადგინოთ პოლიტიკური პროცესისადმი,“ – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.