გრიგოლ გეგელია - სჯობს, კრიტიკის ნაცვლად, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა თავის პარტიულ განვითარებას მიხედოს
გრიგოლ გეგელია - სჯობს, კრიტიკის ნაცვლად, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა თავის პარტიულ განვითარებას მიხედოს

ალბათ უნდა დაისვას კითხვა, რამდენად თანმიმდევრულია, პარტიას ერქვას „ევროპული საქართველო“ და არც ერთი ევროპელი პარტნიორის ნააზრევს, მითითებასა და თხოვნას არ ასრულებდეს, – ამის შესახებ განაცხადა „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას გუშინდელი განცხადების საპასუხოდ, რომელმაც თქვა, რომ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ არათანმიმდევრულ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს.

გრიგოლ გეგელიას თქმით, არაფერი არათანმიმდევრული ლელოს ქმედებებში არ არის და აღნიშნა, რომ „ლელოს“ გააჩნია ძალიან მწყობრი და ადეკვატური ხედვა როგორც საპარლამენტო ბრძოლაზე, ასევე პარლამენტს გარეთ.

„ჩვენ თავიდანვე ძალიან ნათელი გზავნილი გვქონდა. ბოიკოტი ერთ კონკრეტულ საკითხს შეეხებოდა, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურ ჰოსპიტალში გადაყვანა. გადაყვანის შემთხვევაში, ვამბობდით, რომ არ გავაგრძელებდით საპარლამენტო ბოიკოტს. რაც შეეხება ზოგიერთი პოლიტიკოსის კრიტიკას, ვფიქრობ, სჯობს, თავიანთ პარტიულ განვითარებას მიხედონ. „ლელოს“ გააჩნია ძალიან მწყობრი და ადეკვატური ხედვა როგორც საპარლამენტო ბრძოლაზე, ასევე პარლამენტს გარეთ, სხვადასხვა ბერკეტით ბრძოლაზე. ჩვენ ამ ბრძოლას სხვადასხვა პარტნიორთან ერთად ვაწარმოებთ და ვხედავთ შედეგს. ამ ბრძოლით აუცილებლად მივაღწევთ ახალ რიგგარეშე არჩევნებს, რომელიც უფრო ადეკვატური წესებით გაგრძელდება. თანმიმდევრულობაზე თუ მიდგება საუბარი, ალბათ უნდა დაისვას კითხვა, რამდენად თანმიმდევრულია, პარტიას ერქვას „ევროპული საქართველო“ და არც ერთი ევროპელი პარტნიორის ნააზრევს, მითითებასა და თხოვნას არ ასრულებდეს. ვფიქრობ, აქ ბევრად უფრო მძიმე არათანმიმდევრულობის პრობლემები გაგვაჩნია, ვიდრე „ლელოს“ ქმედებებში, რომელიც ზედმიწევნით ითვალისწინებს საზოგადოებრივ და დასავლელი მეგობრების ინტერესს. ბოკერიასაც ვუსურვებდი, ოპოზიციაში ოპოზიციობა ნაკლებად ვნახოთ. ეს არ ნიშნავს განსხვავებების არ ქონას, პირიქით, ეს ზოგჯერ კარგია. ვფიქრობ, ოპოზიციის ოპოზიციონრობა კამპანიურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.