გრიგოლ გეგელია - რეჟიმს თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობით ლეგიტიმაცია არ ექნება
გრიგოლ გეგელია - რეჟიმს თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობით ლეგიტიმაცია არ ექნება

რეჟიმს თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობით ლეგიტიმაცია არ ექნება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის ყოველწლიური ანგარიშში საუბარია, რომ ქართველმა ხალხმა ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს წართმეული სამშობლოს დასაბრუნებლად.

„ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ცხადყოფს საქართველოში ისეთი პროცესების საჭიროებას, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, დავიბრუნოთ რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ მიტაცებული ჩვენი სახელმწიფო. უპირველეს ყოვლისა, აქ საუბარია დემოკრატიულ უკუსვლაზე, ბოროტმოქმედებაზე, რაც „ქართული ოცნების“ ე.წ. ხელისუფლებამ ჩაიდინა საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როდესაც მიიტაცა მისი პოლიტიკური ნება და შეცვალა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი. ამავე დროს საუბარია, მათ შორის, იმაზეც, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რათა დაიბრუნოს წართმეული სამშობლო და სახელმწიფო. ეს არის ის პათოსი, რაზეც ჩვენს კოლეგებს მსჯელობისკენ მოვუწოდებთ. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ყველა კოლეგას მოვუწოდებთ, რომ ვიმსჯელოთ, ხომ არ იქნება ერთით მეტი ახალი ბრძოლის ველის გახსნა სწორი ამ ქვეყანაში იმ ძირითადი მიზნების მისაღწევად, რაც არის ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის აღდგენა. ეს არის ჩვენი შეთავაზება და გვაქვს იმედი, გვექნება საქმის არსებითი განხილვა, ნაცვლად ისტერიისა, რომელიც, სამწუხაროდ, ვნახეთ ამ ბოლო დღეებში“, – განაცხადა გეგელიამ.

როგორც „ლელოს“ წევრი აღნიშნავს, არ აქვთ პრობლემა აზრის სიმრავლესა და პლურალიზმის ფორმებთან.

„კოლეგებს აქვთ თავისუფლება, ვინც სურთ, ის გააკრიტიკონ, არანაირი პრობლემა არ გვაქვს არც აზრთა სიმრავლესთან და არც, ზოგადად, პლურალიზმის არცერთ ფორმასთან. უბრალოდ, ჩვენ გვინდა, რომ ერთიანი ძალებით ვიმსჯელოთ იმ შესაძლო ერთიან ფორმატზე, რომელიც, მათ შორის, ჩვენი კვლევების თანახმად, შესაძლოა, იყოს ძალიან წარმატებული „ქართული ოცნების“ გარეკვის გზაზე. ეს არის დემოკრატიული შეთავაზება და ეს არის ის მინიმუმი, რაც დემოკრატიულ ძალებს ყოველთვის მართებთ. მსჯელობა არის თავი და თავი ყველა დემოკრატიული პროცესის და ვინმეს მსჯელობის თუ ეშინია, მას დემოკრატიასთან აქვს პრობლემა. ვისაც დემოკრატიასთან აქვს პრობლემა, მგონი, ის ივანიშვილის დამარცხების გზაზე ვერ იქნება წარმატებული. ის, რასაც ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ყველა ბერკეტი უნდა იქნეს გამოყენებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად, არ ნიშნავს რეჟიმის ლეგიტიმაციას, ეს, ვფიქრობ, ყველასთვის თვალსაჩინოა. ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს ამ ადამიანებმა თქვეს, რომ ისინი კვლავაც აღიარებენ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად, ისინი არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნებს და ამ არჩევნების გზით მოსულ ხელისუფლებას. თუმცა, ამავე დროს დასაშვებად მიიჩნევენ, რეალურად მოხდეს საქართველოში ამ შესაძლო პლატფორმითაც ბრძოლა. ამიტომ ეს კარგად გვაჩვენებს, რომ რეჟიმს არჩევნებში შესაძლო მონაწილეობით არავითარი ლეგიტიმაცია არ ექნება“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.