გრიგოლ გეგელია - „ქართულმა ოცნებამ“ ცელი გამოუსვა საქართველოს გეოპოლიტიკურ მომავალს, გამოდით, ვიბრძოლოთ, დავუბრუნოთ ეს სახელმწიფო ევროპულ გეზს
გრიგოლ გეგელია - „ქართულმა ოცნებამ“ ცელი გამოუსვა საქართველოს გეოპოლიტიკურ მომავალს, გამოდით, ვიბრძოლოთ, დავუბრუნოთ ეს სახელმწიფო ევროპულ გეზს

„ქართულმა ოცნებამ“ ცელი გამოუსვა საქართველოს გეოპოლიტიკურ მომავალს, როდესაც მათ ღიად უარყვეს ჩვენი შანსები და მომავალი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეო მდივნმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გაწირა უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა ევროპული კავშირის მასშტაბით, რაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ, პოლიტიკურ და პერსონალურ შანსს წარმოადგენს ქართველისთვის.

„დღეს არის თარიღი, რომელსაც ელოდა საქართველო და სრულიად ცივილიზებული მსოფლიო. ეს არის დღე, რომელიც საბოლოოდ არქმევს სახელს „ქართული ოცნების“ პრორუსულ რეჟიმს, რომელმაც არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მილიონობით ქართველს უვიზოდ მიმოსვლის საშუალება შენარჩუნებოდა. ეს არის დღე, როდემდეც „ქართულ ოცნებას“ უნდა ეთქვა, რომ ის კრიზისის განმუხტვას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ახალი არჩევნების ჩატარებას და იმ რვა საკვანძო მიმართულებით ყველაფრის გაკეთებას აპირებს, რათა ქართველებმა უვიზო მიმოსვლა არ დაკარგონ. აქედან „ქართული ოცნების“ რეჟიმს არათუ არაფერი არ გაუკეთებია სასიკეთოდ, არამედ ყველაფერი საპირისპირო მიმართულებით, რუსული პოლიტიკური ინტერესის გასახარებლად და საქართველოში თავისუფლების ბასტიონის – ჩვენი არასამთავრობოების წინააღმდეგ საბრძოლველად გააკეთა. ჩვენ გვახსოვს უამრავი მაგალითი წლების განმავლობაში, როდესაც ყველაზე ძირეულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და კრიტიკულ მომენტებში „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა რუსული ნაბიჯები და არ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც თქვენი, თქვენი ოჯახების, საზოგადოების და ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების სამსახურში იქნებოდა. ჩვენ ახლა ერთ ასეთ მომენტს ვხედავთ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ცელი გამოუსვა საქართველოს გეოპოლიტიკურ მომავალს, როდესაც მათ ღიად უარყვეს ჩვენი შანსები და მომავალი. მათ გაწირეს შესაძლებლობა, რომ უვიზოდ გადავადგილდებოდეთ ევროპული კავშირის მასშტაბით, რაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და პერსონალურ შანსსა და საშუალებას წარმოადგენს ქართველისთვის. შესაბამისად, მთელი პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე, რაც შემდგომში იქნება, რაზეც ჩვენ ევროპული კავშირის, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფომ გაგვაფრთხილა, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენ, მაღალი ალბათობით, დავკარგავთ უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმს, „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედთა ბანდფორმირებას ეკისრება. ყველა ქართველს უნდა ესმოდეს, რომ ვიდრე ეს ბოროტმოქმედი ბანდფორმირება მართავს ჩვენს სახელმწიფოს დე ფაქტო რეჟიმში, ჩვენ არანაირი ევროპული ინტეგრაცია, არანაირი მშვიდობა და არანაირი კეთილდღეობა არ გვექნება. ამიტომ, გამოდით, ვიბრძოლოთ, დავიბრუნოთ ეს ქვეყანა და ეს სახელმწიფო დავუბრუნოთ თავის ისტორიულ, ევროპულ გეზს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.