გრიგოლ გეგელია - ქართული დემოკრატიის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ყველა მხარეს მოვუწოდებთ, იყვნენ ფრთხილი და კორექტული საერთაშორისო პარტნიორებთან
გრიგოლ გეგელია - ქართული დემოკრატიის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ყველა მხარეს მოვუწოდებთ, იყვნენ ფრთხილი და კორექტული საერთაშორისო პარტნიორებთან

ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური მხრიდან დავინახეთ არაერთმნიშვნელოვანი კომუნიკაცია საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის თუ პარტიების მიმართულებით, ეს ჩვენთვის არ არის მოსაწონი და მისაღები, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას გეგელიამ აღნიშნა, რომ „ლელო“ ყველა მხარეს მოუწოდებს, საერთაშორისო პარტნიორებთან ნებისმიერ კომუნიკაციას სიფრთხილით მოეკიდონ.

„ჩვენი კომენტარი ყველა მხარის მიმართ არის ის, რომ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ნებისმიერი კომუნიკაციის წარმოებას. ჩვენ ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური მხრიდან დავინახეთ არაერთმნიშვნელოვანი კომუნიკაცია საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის თუ პარტიების მიმართულებით, ეს ჩვენთვის არ არის მოსაწონი და მისაღები. გვინდა, რომ ქართული დემოკრატიის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ყველა მხარეს მოვუწოდოთ იმისაკენ, რომ იყვნენ ძალიან ფრთხილი, მოზომილი და კორექტული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს კორუმპირებულს უწოდებს.

სააკაშვილი კომენტარს აკეთებს უკრაინის ელჩის განცხადებაზე და აღნიშნავს, რომ დოლგოვი „საბჭოთა ფუნქციონერია“.

„საქართველოში უკრაინის ელჩი, ბატონი დოლგოვი, რომელიც ოთხი წლის წინ პოროშენკომ დანიშნა ჩემს წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი მიზნით, გადარჩა ზელენსკის დროს და განაგრძობს საქართველოსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის იმიჯის შელახვას. ეს სწორედ ის დოლგოვია, რომელიც პოროშენკოს გუნდთან უნისონში მუშაობდა, რომ უკრაინელი სახალხო დეპუტატები არ გამგზავრებულიყვნენ, როგორც დამკვირვებლები, საქართველოში გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზე“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.

„ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება, თუმცა ახლა, როცა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ხდება ფოკუსირება მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, დაუმორჩილებლობასა და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციებთან დაკავშირებით მოწოდებები ნამდვილად არ დაგვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობის, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.