გრიგოლ გეგელია - ოპოზიციის ერთობა გაგრძელდება, ვიდრე სისტემის გადატვირთვას არ მივაღწევთ
გრიგოლ გეგელია - ოპოზიციის ერთობა გაგრძელდება, ვიდრე სისტემის გადატვირთვას არ მივაღწევთ

მოლაპარაკებების გაგრძელების და წარმატების რესურსი არსებობს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ სწორი ჩართულობა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ერთობა კვლავ სტაბილურია.

„აბსოლუტურად ერთიანი ვართ ჩვენს პოზიციაში. ეს პოზიციები არ არის შემთხვევით მიღებული, ეს ემყარება ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ განსჯას. ამიტომ ოპოზიციის ერთობა კვლავ სტაბილურია და გაგრძელდება, ვიდრე ამ სისტემის გადატვირთვას არ მივაღწევთ. მოლაპარაკებების გაგრძელების და წარმატების რესურსი არსებობს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ სწორი ჩართულობა. „ქართულ ოცნებას“ არ გამოუჩენია არავითარი ძალისხმევა, რომ ეს კრიზისი გადაჭრილიყო. მინდა ყველამ იცოდეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა კრიტიკული მიმართულებით ნაბიჯები უკან გადადგა, რითაც დააღალატა ამ ქვეყნის საუკეთესო ეროვნული ინტერესები. ჩვენ, ოპოზიციამ გადავდგით შემხვედრი ნაბიჯები, სამ მიმართულებას დავთანხმდით და გამოვთქვით მზაობა, დანარჩენი ორი მიმართულებით იყო განსჯა. მინდა, „ქართულ ოცნებას“ შევახსენო, არც იმ სამ მიმართულებაზე არ ჰქონია მას სწორი, კონსტრუქციული ან პატრიოტული პოზიცია. ამიტომ ამ პროცესში ჯერი არის ხელისუფლებაზე“, – განაცხადა გეგელიამ.

მისივე ინფორმაციით, აპრილში საქართველოში კვლავ ჩამოვლენ მაღალი რანგის საერთაშორისო პარტნიორები.

„ამასთან, ჩვენ ველოდებით ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრების ჩამოსვლას საერთაშორისო თანამეგობრობიდან. საქართველო ელის ძალიან მაღალი რანგის სტუმრებს აპრილის თვეში, კონკრეტულ ფორმატს და ვინაობებს ჯერ არ დავაკონკრეტებთ. ეს არის ევროკავშირის ძალისხმევის გაგრძელება საქართველოში“, – აღნიშნა გეგელიამ.

დატოვე კომენტარი