გრიგოლ გეგელია – ნიკა გვარამიას ან ინგლისურთან აქვს პრობლემა, ან კეთილსინდისიერებასთან, გეგელიას შეფასება არ სჭირდება იმის გაგებას, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა შეხვედრაზეც თქვა და განცხადებაშიც
ნიკა გვარამიას ან ინგლისურთან აქვს პრობლემა, ან კეთილსინდისიერებასთან, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია სოციალურ ქსელში წერს.
გეგელია ეხმაურება „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მხრიდან მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას, რომ „გეგელია ან სხვა ამერიკელებს შეხვდა, ან იტყუება“, როდესაც ამბობს, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით. გვარამიას თქმით, „ამერიკელებს მსგავსი არაფერი უთქვამთ და არც შეიძლება, ეთქვათ“.
როგორც გეგელია ნიკა გვარამიას საპასუხოდ წერს, აშშ-ის საელჩომ ქართულადაც მკაფიოდ დაწერა საჯაროდ, რა ჰგონია ამერიკას სწორი.
„ინგლისური თუ არ გესმით, აშშ-ის საელჩომ ქართულადაც მკაფიოდ დაწერა საჯაროდ, რა ჰგონია ამერიკას სწორი.
გეგელიას შეფასება არ სჭირდება იმის გაგებას, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა შეხვედრაზეც თქვა და ოფიციალურ განცხადებაშიც. როცა ვერცერთ ენაზე იგებ სათქმელს, ეს სხვა ტიპის პრობლემაზე მიგვითითებს.
მესმის, რომ გაწბილებულები ხართ, რადგან სასურველი და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ეს იოტისოდენადაც არ მადარდებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს სიმართლე.
მესმის, რთულია, როცა არც უნგრეთის მაგალითი, არც ამერიკის პოზიცია და არც კოალიციაში არსებული სიტუაცია არ მუშაობს შენ სასარგებლოდ, მაგრამ მე არ ვაპირებ, ჩავერთო ბოღმის ნთხევის მარათონში, რაც ზოგიერთ ალიანსს ჰობად აქვს ქცეული და, როგორც ჩანს, ახლა ამის გარეთ გამოტანაც მოინდომეს.
ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს ივანიშვილის რეჟიმისგან ამ ქვეყნის გათავისუფლება და ამისათვის ყველა ბერკეტით ბრძოლა. თქვენს გემს მიხედეთ, ბატონებო, თქვენს გემს!“ – წერს გრიგოლ გეგელია.
ცნობისთვის, აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების 25-28 მაისის შეხვედრის შესახებ განცხადებაში, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა, ნათქვამია: „დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესებისთვის, რომლებმაც ხმა მისცეს“.