გრიგოლ გეგელია - ნაცვლად იმისა, რეჟიმი მიემართებოდეს ევროპული კავშირისკენ, ატარებდეს რაიმე რეფორმას და ქვეყანა მიჰყავდეს იქით, სადაც მეტი პენსია და დაცულობაა, თავს ესხმის ევროპულ კავშირს
გრიგოლ გეგელია - ნაცვლად იმისა, რეჟიმი მიემართებოდეს ევროპული კავშირისკენ, ატარებდეს რაიმე რეფორმას და ქვეყანა მიჰყავდეს იქით, სადაც მეტი პენსია და დაცულობაა, თავს ესხმის ევროპულ კავშირს

ევროპული კავშირი არის ხანგრძლივ ისტორიაში ოფიციალურად არსებული ყველაზე ხანგრძლივი, წარმატებული პროექტი მშვიდობის, კეთილდღეობის, განვითარების და ნაცვლად იმისა, ეს რეჟიმი მიემართებოდეს ევროპული კავშირისკენ, ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ევროპული კავშირი თურმე დაცემულია ყველაზე დაბალ ნიშნულზე, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ევროპული ბიუროკრატია თურმე ყველაზე კრიტიკულ ფაზაში ყოფილა საკუთარი არსებობის განმავლობაში და ნაცვლად იმისა, რამე რეფორმას ატარებდნენ და ქვეყანა მიჰყავდეთ იქით, სადაც არის მეტი პენსია, მეტი დაცულობა, ისინი თავს ესხმიან ევროპულ კავშირს“, – განაცხადა გეგელიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაშიც ასევე კრიტიკის შემცველი გზავნილები ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობის და ევროპული პოლიტიკის მიმართ, გრიგოლ გეგელიამ კითხვითვე უპასუხა „ირაკლი კობახიძეს და ამერიკას ერთი და იგივე გამოწვევები აქვთ?“. 

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ირაკლი კობახიძე საკუთარ თავს უწოდებს ისეთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რომელიც არის ოკუპირებული, საიდანაც ასობით ათასი ქართველი გაედინება, რომელშიც პენსიონერს 20-30 ლარს უმატებენ, თვითონ კი იმატებენ 1200 ლარს 13 000-ლარიან ხელფასებზე, რომელშიც ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს, რომელშიც რეჟიმები არიან ეჭვმიტანილი მშვიდობიანი მოქალაქეების დაწამვლაში და, რომელშიც არანაირი პერსპექტივა ქართველ ადამიანს არ აქვს. ამერიკას და საქართველოს ერთი და იგივე გამოწვევა აქვთ? ამერიკა და საქართველო ერთ ხასიათზე ხვდება ახლა წელს? ერთი და იგივე ეკონომიკური ვითარება გვაქვს?”, – განაცხადა გეგელიამ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა ევროკავშირის საბჭოს დღევანდელ გზავნილებს და ფიქრობს თუ არა, რომ ეს არის პასუხი ხელისუფლების ქმედებებზე, გეგელიამ განაცხადა, რომ ეს არის პასუხი ხელისუფლების ქმედებებზე.

„რეფორმებს ჩაატარებ თუ არა, იზომება ეს ქმედება, პოლიტპატიმრებს დაიჭერ, თუ გაათავისუფლებ, იზომება ეს ქმედება და ასე შემდეგ. შემოქმედებას არ ზომავენ, სამწუხაროდ“, – განაცხადა გეგელიამ.

შეკითხვაზე, ვინ ამოიკითხა გზავნილში უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკური ლიდერები, გეგელიამ აღნიშნა, რომ საქართველოს დღეს ჰყავს არნახული ოდენობით პოლიტპატიმრები.

შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა პოლიტიკურ პატიმრებად 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ პირებსაც და ლიდერებსაც, გეგელიამ თქვა, რომ ისეთი ტიპის ვითარებაში, როდესაც არ გაქვს სასამართლო თავისუფალი, როდესაც ისევ ის მოსამართლეები ასამართლებენ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა აქცია მონსტრებად, მათ შორის კოჭლამაზაშვილი, რომელიც სააკაშვილს ასამართლებს ხოლმე, რაც ამხელა ისტორიული ცინიზმია და მთელი მურუსიძე-ჩინჩალაძე-გვრიტიშვილის კლანი და იქამდე, ვიდრე ასეთ პირობებში არიან ადამიანები პოლიტიკური სარჩულით დევნილი, რა თქმა უნდა, ისინი არიან პოლიტპატიმრები.

„ყველა პოლიტიკური ლიდერი დღეს რეალურად არის დაპატიმრებული პოლიტიკური სარჩულით პოლიტიკურ პროცესში“, – განაცხადა გეგელიამ.

შეკითხვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება არ აპირებს არასრულწლოვანთა და ოჯახური ღირებულებების კანონის და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონების გაუქმებას და ვიზალიბერალიზაციის თემაზე გამაფრთხილებელ გზავნილებს უკვე რამდენჯერმე იღებს საქართველოს ხელისუფლება, მოსალოდნელია თუ არა, რომ შეჩერების გამარტივებული მექანიზმი, რომელიც ბრიუსელში ცოტა ხნის წინ დამტკიცდა, ახლა სწორედ საქართველოს მიმართ იყოს გამოყენებული, გეგელიამ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ამის ძალიან რეალური შანსი არსებობს.

„ჩვენ ვიცით, რომ ამის შანსი არსებობს. ამაზე საუბრობს თვითონ ევროპული კომისია ძალიან მკაფიოდ. ამიტომ რისკი იმისა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების პირობებში ჩვენ დავკარგოთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, არის საკმაოდ სერიოზული. ეს იქნება ძალიან ცუდი მილიონობით ქართველისთვის სამგზავრო კუთხით, ტურისტული, საგანმანათლებლო, ეკონომიკური კუთხით“, – განაცხადა გეგელიამ.