გრიგოლ გეგელია - მიხეილ სააკაშვილი კრიზისის ლიდერია, როცა კრიზისი ჰქონდა, თავს ყველაზე კარგად გრძნობდა და როცა არ ჰქონდა, თავად ქმნიდა
გრიგოლ გეგელია - მიხეილ სააკაშვილი კრიზისის ლიდერია, როცა კრიზისი ჰქონდა, თავს ყველაზე კარგად გრძნობდა და როცა არ ჰქონდა, თავად ქმნიდა

სააკაშვილს სხვანაირ რეჟიმში ფიქრი, მუშაობა და არსებობა არ შეუძლია, ის კრიზისის ლიდერია, როცა კრიზისი ჰქონდა, თავს ყველაზე კარგად გრძნობდა და როცა არ ჰქონდა, კრიზისს თავად ქმნიდა, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, გრიგოლ გეგელიამ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„მას პერმანენტული საგანგებო ვითარება სჭირდება. განცდა, რომ ძლიერი მთავარსარდალია საჭირო, პოლიცია, ძალაუფლების რეპრესიული აპარატი და ამით ყველაზე კარგად მნიშვნელობს. ის დღემდე ასეა. ახლაც, როცა ამსტერდამში თავის ოთახში მეტნაკლებად მშვიდად ზის, იქაც, ფსიქოლოგიურად, საგანგებო ვითარების მდგომარეობაშია. ჩემი აზრით, ეს არც შეიცვლება, რადგან ეს არის ის, რაც სააკაშვილია თავისი არსებითი ბუნებით“, – განაცხადა გეგელიამ.

მისი თქმით, სააკაშვილის პარტიაში ასეთი მდგომარეობა არ იგრძნობა.

„მის პარტიაში ეს მდგომარეობა მაინცდამაინც არ იგრძნობა, რადგან თუკი ის ჩანაწერი ავთენტურია, როგორც თვითონ ეუბნება, მაინცდამაინც რევოლუციის ხასიათზე არ ხართო. ვფიქრობ, ჯამში არ არიან რევოლუციის ხასიათზე“, – განაცხადა გეგელიამ. 

ისტორიკოსმა ასევე განაცხადა, რომ ხალხში რევოლუციური განწყობა არის, მაგრამ ეს არის არა სააკაშვილის მიერ გატარებული რევოლუციის, არამედ სულ სხვა რევოლუციის განწყობა.

„ხალხში ასე ვთქვათ, ევოლუციური რევოლუციის განწყობაა. არის რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკის არჩევის განწყობა. მთავარი პოლიტიკური ჯგუფებით მართლა ყველა გადაღლილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არის მზაობა, სააკაშვილს მისთვის სასურველი რევოლუციის სახით გაუხსნან გზა. მე მინდა რევოლუცია ამ ქვეყანაში. მხოლოდ მინდა არჩევნებით, სიმშვიდით და გონებაში, რომ არსებული პოლიტიკა, მეთოდები და გზები შევცვალოთ. ეს მინდა სრულიად მშვიდად, საარჩევნო ურნასთან, ცივილურად, როგორც კარგი საზოგადოების მახასიათებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შეგვიძლია და მგონი, ნელ-ნელა ამას ვაკეთებთ“, – განაცხადა გეგელიამ.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, დადებულმა შედეგმა გაერთიანებულ ოპოზიციაში დემორალიზაცია, შიდა კონფლიქტები გამოიწვიოს და ის დაშლისკენ წაიყვანოს, ნაცვლად იმისა, რომ 2020 წლის არჩევნებს გაძლიერებული შეხვდნენ, ისტორიკოსმა აღნიშნა, რომ იმ ჯგუფს, რომელიც დარჩა როგორც „ნაციონალურ მოძრაობა“, რეალურად, არაფერი დაშლის, გაერთიანებული ოპოზიცია კი, შესაძლოა, უამრავ ნაწილაკად დაიშალოს.

„მე ამ ჯგუფს ყოველთვის ვადარებ აპოკალიპტურ სექტას. სექტა არ არის შეურაცხყოფა, მაინცდამაინც. სექტა მცირე თეოლოგიური მიმდინარეობაა. მათ აქვთ აპოკალიპტური რწმენა, რომ მიხეილ სააკაშვილი მესიაა. ამ ძალისთვის სააკაშვილი კოსმოსის ცენტრია და სანამ ის არსებობს და პოლიტიკისთვის თავი არ დაუნებებია, ეს ჯგუფი მანამდე იარსებებს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.