გრიგოლ გეგელია - მეთიუ ბრაიზას მოწოდება არის იმ ტრადიციის გაგრძელება, რომ პოლიტიკა რაც შეიძლება, დროულად მოექცეს ინსტიტუციურ კალაპოტში
გრიგოლ გეგელია - მეთიუ ბრაიზას მოწოდება არის იმ ტრადიციის გაგრძელება, რომ პოლიტიკა რაც შეიძლება, დროულად მოექცეს ინსტიტუციურ კალაპოტში

მეთიუ ბრაიზა არის საქართველოს ძალიან კარგი და გამორჩეული მეგობარი. ის მუდამ არის ქართული დემოკრატიის, ქართული სტაბილურობის მხარეს და ადარდებს ნებისმიერი საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწის, მეთიუ ბრაიზას გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით.

ამიტომ, მისი ღელვა არის სრულიად გასაგები ჩვენთვის და ძალიან მადლიერი ვართ, რომ ის ღელავს და განიცდის ქართულ საკითხს. სხვა და მათ შორის, ამერიკელი კოლეგების მსგავსად, ბატონი ბრაიზაც განიცდის იმას, რომ დღეს ქართული პოლიტიკა არის ამ ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ რეალობაში, რომელშიც ჩვენ ვართ რეგიონში. ამიტომ, მისი მოწოდება არის იმ ტრადიციისა და მოწოდებების გაგრძელება, რომელიც თვლის საქართველოსთვის უმჯობესად, რომ პოლიტიკა რაც შეიძლება, დროულად მოექცეს ინსტიტუციურ კალაპოტში. მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენი პრეფერენციაც“, – განაცხადა გეგელიამ.

მისივე თქმით, დღევანდელ მოცემულობაში პარლამენტი არ არის წარმომადგენლობითი და არ სარგებლობს საზოგადოების მაღალი ნდობით.

„გვინდა,რომ პოლიტიკა დაუბრუნდეს თავის პოლიტიკურ რიტმს და იყოს მომართული საპარლამენტო შრომის მეშვეობით ქვეყნის განვითარებაზე. ეს იყო და არის ჩვენი პრიორიტეტი და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს მედიაციის მნიშვნელოვანი დღეები, რომელიც იწყება, მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს და საერთო სულისკვეთებით ქართული პოლიტიკური კლასი იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ არ ვაპირებთ, უპირობოდ და უკონტექსტოდ შევიდეთ პარლამენტში, ეს პარლამენტი არ არის წარმომადგენლობითი და არ სარგებლობს საზოგადოების მაღალი ნდობით. დღევანდელ მოცემულობაში, იქ არ არის დემოკრატი ქართველი პოლიტიკოსის ადგილი, მაგრამ ბუნებრივია, იმედი გვაქვს, რომ მედიაციის შედეგად ხვალინდელი მოცემულობა და შედეგი იქნება თვისობრივად განსხვავებული და იქ ვიქნებით წარმოდგენილი ჩვენც“, – განაცხადა გეგელიამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ მონაწილეობა მიიღო ონლაინკონფერენციაში, რომლის  ორგანიზატორი ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების ჯგუფი იყო.

„მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში, აიღეთ მანდატები, წარმოადგინეთ ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ, თქვენი უახლოესი მეგობრები ტრანსატლანტიკურ ოჯახში არ ამბობენ, რომ არჩევნები მოიპარეს“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ ონლაინკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ევროკავშირსა და აშშ-ს საქართველოში ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლიათ.

„ოპოზიციაში ახლა ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ მათ აქვთ მიდრეკილება, იფიქრონ, რომ კრიზისის დროს დიდი ტრანსატლანტიკური ორგანიზაციები, აშშ და ევროკავშირი იქნება მათი კავალერია და ცხრა მთას გადაივლიან ოპოზიციის გადასარჩენად. რომ დასავლეთი იმოქმედებს მათ სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ჩემი აზრით, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მათ ამ თამაშში არ ჩაგვითრიონ“, – განაცხადა ბრაიზამ.