გრიგოლ გეგელია – ევროკავშირის ანგარიში ფორმალურად ამბობს, რომ არაფერი დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოს აღარ აქვს შერჩენილი და ევროპული ინტეგრაციის გზა არის დასრულებული

14:09, 12.08.2026

ევროკავშირის ანგარიში პრაქტიკულად უკვე ღიად და ფორმალურად ამბობს, რომ არაფერი დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოს აღარ აქვს შერჩენილი და ევროპული ინტეგრაციის გზა არის დასრულებული, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ანგარიში ამბობს, რომ ქართული დემოკრატია სრულად არის განადგურებული.

„ჩვენ აღარ ვართ არც მოჩვენებითი ავტორიტარიზმის ფაზაში, არამედ გადავედით უკვე სრულყოფილი დიქტატურის ფაზაში და აღარც მოჩვენებითი ევროინტეგრაციის ფაზაში, რადგანაც გადავედით სრულად შეჩერებული პროცესის მდგომარეობაში, სადაც ხელისუფლების კურსის გამო ერის არჩევანის წინააღმდეგ ევროპული ინტეგრაციის კურსი არის უბრალოდ სრულად შეჩერებული. ვიდრე ეს კურსი იქნება ადგილზე, ვიდრე არ შეიცვლება ეს რეჟიმი, არავითარი ევროპული ინტეგრაცია არც წელს, არც გაისად, არც 2030 წელს და არც არასდროს, ვიდრე ეს რეჟიმი მართავს საქართველოს, არავითარი ევროპული კურსი არ იარსებებს. ეს დასკვნა ამბობს ორ ძირითად რამეს: პირველი – ქართული დემოკრატია სრულად არის განადგურებული; მეორე – საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა სრულად არის შეჩერებული. შესაბამისად, ახლა ჯერი არის ჩვენზე. ქართველ ხალხზე და ჩვენს ჯეროვან, ღირსეულ, პრინციპულ ნაბიჯებზე, რომელმაც ეს ქვეყანა უნდა გაათავისუფლოს რუსული სახადისგან და რომელმაც უნდა აღადგინოს ეროვნული და ევროპული პრინციპები“, – განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, ევროკავშირი აქვეყნებს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის შესახებ ანგარიშს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

მსგავსი