ევროკავშირი აქვეყნებს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის შესახებ ანგარიშს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი
ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის შესახებ 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
ერთ-ერთ თავში – „ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობა“ ნათქვამია, რომ „ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა რეპრესიული ღონისძიებებისა და ისეთი კანონების მიღების შედეგად, რომლებიც არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპებს, გამოხატვის, შეკრებისა და ასოციაციის თავისუფლებას, ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებს“.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „2025 წელს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საპროტესტო აქციების მონაწილეების არასათანადო მოპყრობა ფართოდ იყო გავრცელებული და ზოგიერთ შემთხვევაში წამებისა ან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობას ტოლფასი იყო“.
„დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, რამაც დაუსჯელობის გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. თვითნებური დაკავების შემთხვევები, წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებული გამოყენება და მომიტინგეებისა და ჟურნალისტებისთვის არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების დაკისრება სამართლიანი სასამართლოს უფლების კუთხით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ასევე დაფიქსირდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან დემონსტრაციებში მონაწილე ქალებზე ფიზიკური თავდასხმის, სექსუალური შევიწროებისა და გაუპატიურებისა თუ მკვლელობის მუქარის შემთხვევები.
ახალმა კანონმდებლობამ, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონმა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ საკანონმდებლო პაკეტმა უარყოფითად იმოქმედა გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობაზე. ფართოდ იყო გავრცელებული ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების დაშინების, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმისა და თვითნებური დაკავების შემთხვევები“, – ნათქვამია ანგარიშში.
ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, „საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით ხასიათდებოდა“.
„საქართველოს ხელისუფლებამ რეპრესიული ზომები გაატარა სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, რამაც სერიოზულად შეარყია დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღებისა და პროცესების საფუძვლები და ფაქტობრივად გააუქმა მოქალაქეთა მონაწილეობისა და ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები.
რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყინვის გზით მართლმსაჯულების სისტემა ხელისუფლების მიერ გამოყენებული იყო როგორც რეპრესიისა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი, რათა ორგანიზაციებისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსი ჩამოერთმიათ და განსხვავებული მოსაზრებების მქონე ხმები გაეჩუმებინათ. სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული აზრის გამომხატველი პირები ასევე განიცდიდნენ დაშინებას. სულ უფრო ხშირად ვრცელდებოდა მტრული რიტორიკა, მუქარა და ძალადობა.
პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხე შეექმნა, რადგან მმართველი პარტია რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალვას ითხოვს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პოლიტიკური მოტივით დევნა და ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია: „საქართველო „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს (Reporters Without Borders) 2025 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში – 114-ე ადგილზე, „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ (WJP) 2025 წლის კანონის უზენაესობის ინდექსში – 52-ე ადგილზე, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში 56-ე ადგილზე გავიდა. CIVICUS Monitor-ის შეფასებით კი, საქართველომ 34/100 ქულა მიიღო, რაც სამოქალაქო სივრცის რეპრესირებულ მდგომარეობაზე მიუთითებს.
ევროკავშირის მოქმედებები, ძირითადი მიმართულებები:
ევროკავშირი თანმიმდევრულად მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, შეებრუნებინა დემოკრატიული უკუსვლის პროცესი, გაეუქმებინა რეპრესიული კანონმდებლობა და განეხორციელებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროპული ინტეგრაციის ძირითად პრინციპებსა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯს.
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა, პატივი ეცა და დაეცვა მოქალაქეთა ადამიანის უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, მედიის თავისუფლება და პლურალიზმი, ასევე გაეთავისუფლებინა თვითნებურად დაკავებული პირები.
ეს მოწოდებები ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამაც გაიმეორა 2025 წლის დეკემბერში და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება იმ მოლოდინებს, რომლებიც ევროკავშირს კანდიდატი ქვეყნის მიმართ აქვს.
ევროკავშირი ასევე აგრძელებდა საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების შესრულების შეფასებას. 2025 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველოში მმართველობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და ქვეყანა კვლავ არღვევს აღნიშნულ კრიტერიუმებს.
ევროკომისიამ უვიზო რეჟიმი შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში წამოიწყო პროცედურა, რომლის მიზანია საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც დიპლომატიურ, სამსახურებრივ ან ოფიციალურ პასპორტებს ფლობენ.
ევროკავშირის ორმხრივი პოლიტიკური ჩართულობა:
2024 წლის ივნისში, ოქტომბერსა და დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა, ფაქტობრივად, გამოიწვია საქართველოს გაწევრიანების წინა პროცესის შეჩერება. 2025 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი არ ყოფილა, რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელებით იყო განპირობებული. ევროკავშირმა საქართველოსთან ორმხრივი კონტაქტების დონე კიდევ უფრო შეამცირა. ევროკავშირი-საქართველოს ადამიანის უფლებათა დიალოგი 2023 წლის ივნისის შემდეგ არ გამართულა.
ევროკავშირის ფინანსური ჩართულობა:
დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების შედეგად ევროკავშირმა 2025 წელს კვლავ შეაჩერა საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი სარგებლის მომტანი ფინანსური დახმარება.
სამოქალაქო სივრცის შემცირებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების საპასუხოდ, 2024 წლის ოქტომბრიდან „სამეზობლოს, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის“ ფარგლებში, ორმხრივი და თემატური დაფინანსებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 24 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება გაფორმდა.
მხარდაჭერა მიმართული იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მიზნობრივი მხარდაჭერის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, გენდერული თანასწორობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების, ბავშვთა უფლებების, ლგბტ პირების უფლებების, ნდობის აღდგენის, ასევე დეზინფორმაციის, უცხოური ჩარევისა და მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებზე.
ევროკავშირი კვლავ უჭერდა მხარს სახალხო დამცველის აპარატს, რათა გაძლიერებულიყო ომბუდსმენის ინსტიტუციური შესაძლებლობები.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველები, ასევე სარგებლობდნენ გაზრდილი მხარდაჭერით რეგიონული „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მექანიზმის“ ფარგლებში. 2025–2027 წლებისთვის ამ მიმართულებით 10 მილიონი ევრო გამოიყო. დამატებით განხორციელდა რეგიონული პროგრამები, რომლებიც ადამიანის უფლებებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას უჭერს მხარს.
ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამა „კარგი მმართველობის პარტნიორობა“ გაგრძელდა შემცირებული აქტივობებით, რომელთა ძირითადი მიმართულება სიძულვილის ენასთან ბრძოლა იყო.
საქართველო ასევე კვლავ სარგებლობდა ევროკავშირის თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტით, რომელსაც ევროპის საბჭო ახორციელებს და რომელიც საქართველოში სასამართლოების მართვის მოდერნიზაციისა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
მულტილატერალური კონტექსტი:
საქართველის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან თანამშრომლობა და მისი გადაწყვეტილებების აღსრულება არასაკმარისია. ამჟამად მინისტრთა კომიტეტის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ 45 საქმე იმყოფება.
საქართველოს ხელისუფლებამ დროულად არ მიიწვია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ეუთო/ოდირ-ი) სადამკვირვებლო მისია, რაც 2025 წლის ოქტომბერში მუნიციპალური არჩევნების სრულფასოვანი და ეფექტიანი მონიტორინგის შესაძლებლობას უზრუნველყოფდა.
გარდა ამისა, საქართველომ ვერ შეასრულა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ წინა არჩევნებთან დაკავშირებით გაცემული არცერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია.
საქართველო 2025 წლის ბოლომდე კვლავ იყო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს არჩეული წევრი.
ადამიანის უფლებათა საბჭომ სპეციალური პროცედურებით საქართველოს მოუწოდა, გამოეძიებინა დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შემთხვევები.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობა, ზოგადად, კვლავ შენარჩუნებულია, საქართველომ მხარი არ დაუჭირა საერთაშორისო და ევროკავშირის ზოგიერთ ინიციატივას“, – აღნიშნულია ანგარიშში.