გრიგოლ გეგელია - დემოკრატიისა და პლურალიზმის ხარისხის უზრუნველსაყოფად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის სიები აღდგეს
გრიგოლ გეგელია - დემოკრატიისა და პლურალიზმის ხარისხის უზრუნველსაყოფად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის სიები აღდგეს

უმნიშვნელოვანესია სიები აღდგეს, ყველა პარტიას მიეცეს შესაძლებლობა, შეინარჩუნოს დემოკრატიული წარმომადგენლობის უფლებამოსილება იმ პროპორციითა და მასშტაბით, რომლითაც ეს არჩევის მიხედვით იქნა დადგენილი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

„პოლიტიკური ცხოვრების იმ ფაზაში, რომელშიც ახლა ჩვენ, ყველანი ვართ გადასული, დემოკრატიისა და პლურალიზმის ხარისხის უზრუნველსაყოფად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიები იქნას აღდგენილი, რაც ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული დეპუტაცია იმ პროპორციით და იმ ოდენობით უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი, როგორითაც ქართველმა ხალხმა ისინი აირჩია ერთ თუ მეორე პოლიტიკურ სუბიექტში. ეს უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული უწყვეტობის თვალსაზრისით და იმისთვის, რომ საქართველოს პარლამნეტში ძალიან მაღალ დონეზე შენარჩუნდეს ​პოლიტიკური პლურალიზმი და ოპოზიციის შესაბამისი წარმომადგენლობა. ამისათვის უმნიშვნელოვანესია სიები აღდგეს, ყველა პარტიას მიეცეს შესაძლებლობა, შეინარჩუნოს თავისი დემოკრატიული მანდატი, დემოკრატიული წარმომადგენლობის უფლებამოსილება ზუსტად იმ პროპორციითა და მასშტაბით, რომლითაც ეს არჩევის მიხედვით იქნა დადგენილი, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივია, სამწუხაროდ, ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნამდვილ პოლიტიკურ ნებას“, – განაცხადა გეგელიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის გადაწყვეტილებას, მისი თქმით, პოლიტიკაში არ არსებობს უცვლელი რეალობები, იცვლება ტაქტიკა ერთი და იმავე პრინციპების განსახორციელებლად.

„სანამ „ქართული ოცნება“ ილაპარაკებს სხვის უპრინციპობაზე, ჯობია, სარკეში ჩაიხედოს, რადგან მთელი მათი მმართველობის ცხრა წელი არის ერთი პოზიციის თქმა და მეორის გაკეთება, ყველა მნიშვნელოვანი შეთანხმებიდან გამოსვლა, დასავლელი პარტნიორების ღალატი. სანამ ისინი საუბრობენ, რომ ვიღაც არის ჩამოუყალიბებელი და უპრინციპო, მართლა ერთხელ მაინც, ღვთის გულისთვის, შეხედონ თავისი მმართველობის ცხრა წელს. რაც შეეხება ოპოზიციის ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას – ჩვენ გვახსოვს, რომ პოლიტიკაში არ არსებობს უცვლელი რეალობები. პოლიტიკა არის დინამიკური პროცესი, ჩვენთვის მთავარია, რომ პრინციპები, რომლითაც მოვდივართ, იყოს უცვლელი. პრინციპი მაშინაც და ახლაც არის მეტი დემოკრატია, უკეთესი დემოკრატიული ხარისხი. ხოლო რაც შეეხება ზომებს, რომლებსაც ოპოზიცია იღებს ერთ თუ მეორე შემთხვევაში, ბუნებრივია, ამ ზომებს გააჩნია განსხვავებული ხასიათი, რადგან პოლიტიკაში არც ერთ ქვეყანაში და არც ერთი სტანდარტით არ არსებობს უცვლელი და ფიქსირებული რეალობები. არსებობს ცვლადი რეალობები და ჩვენ ყველამ უნდა მოვარგოთ ჩვენი ტაქტიკები და სტრატეგიები ამ ცვალებად გარემოებებს. აბსოლუტურად არაფერი ამ ტაქტიკაში არაპრინციპული არ არის. პირიქით, ესაა იმავე პრინციპების მსახურება ამ შემთხვევაში შეცვლილი ტაქტიკით, რადგანაც პოლიტიკაში ყველა ქვეყანაში, ნებისმიერ ეპოქაში იცვლება ტაქტიკები იმავე პრინციპების განსახორციელებლად“, – აღნიშნა გეგელიამ.

მისივე თქმით, მიესალმება ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილებას შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭისყრის შესახებ.

„ბადრი ჯაფარიძემ აჩვენა მართლა კლასი პატრიოტიზმისა და აქტიური მოქალაქეობის. ის აგრძელებს ბრძოლას და არა იმისთვის, რომ პარლამენტში დაბრუნდეს, არამედ იმისთვის, რომ უსამართლობას, უიმედობას, უპერსპექტივობას და ამ თავნებობას, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, გასცეს სწორუპოვარი, სამართლიანი პასუხი და თქვას, რომ მისთვის მანდატი კი არაა მთავარი, არამედ მისთვის სამართალი და ბრძოლაა მთავარი“, – განაცხადა გეგელიამ.

მისივე თქმით, „ლელოს“ მოლოდინი აქვს, რომ ბადრი ჯაფარიძე ფართო სპექტრის მხარდაჭერას მიიღებს და ქართული ოპოზიციიის დიდი უმრავლესობის საერთო კანდიდატი იქნება რუსთავში.