გრიგოლ გეგელია - დასავლეთ პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პროცესი ინსტიტუციურ ფორმატში მიმდინარეობდეს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ სხვა მექანიზმი არ დაგვიტოვა
გრიგოლ გეგელია - დასავლეთ პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პროცესი ინსტიტუციურ ფორმატში მიმდინარეობდეს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ სხვა მექანიზმი არ დაგვიტოვა

„ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირები ჩვენს დასავლელ კოლეგებთან, მათ შორის ქალბატონ ბრამორთან და სხვა ევროპარლამენტარებთან. ჩვენ ძალიან დიდ პატივისცემა გვაქვს მათი მოსაზრებების მიმართ და კარგად გვესმის, რით არის განპირობებული მათი მოსაზრებები, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთ პარტნიორებს ინსტიტუციური პრიორიტეტი აქვთ და სურთ, პოლიტიკური პროცესი სწორედ ამ ფორმატში მიმდინარეობდეს.

როგორც გეგელია ამბობს, მათი მიზანია, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი ეფექტურად გადაიჭრას, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ გარდა ბრძოლისა, სხვა მექანიზმი არ დაუტოვათ.

„ბუნებრივია, ჩვენს დასავლეთ პარტნიორებს აქვთ ინსტიტუციური პრიორიტეტი. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუციურ პორმატში მიმდინარეობდეს პოლიტიკური პროცესი, არ მიდიოდეს მათ გარეთ.

ჩვენი, „ლელო საქართველოს“ პრიორიტეტი იყო და არის, ეს კრიზისი გადაიჭრას ეფექტიანად, რომ ჩვენ მართლაც ინსტიტუციური გზებით ვშრომობდეთ პოლიტიკურად. მაგრამ სამწუხაროდ, დღეს გვიწევს ვიყოთ აი, ამ ბრძოლაში, სადაც ვართ, რადგან სხვა მექანიზმები ჩვენ „ქართულმა ოცნებამ“ არ დაგვიტოვა.

ჩვენ ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური გზა ვცადეთ, ვიყავით და ვართ ავანგარდში სხვადასხვა ტიპის იდეების შეთავაზებისა, მათ შორის სერბული მოდელის, რომლის თანახმადაც 2022 წელს უნდა გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები. მაგრამ სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ჩვენ ვერ ვნახეთ ვერავითარი შემხვედრი სურვილი, რომ კონსტრუქციულად გადაჭრილიყო ეს პოლიტიკური კრიზისი.

დღეს თუ ვინმე არის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში, ეს ვართ ჩვენ, ვინც ვამბობთ, რომ საქართველოში უნდა გვეღირსოს თავისუფალი დემოკრატია, ხალხს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება, აირჩიოს პროგრესი, თავისუფლება და განვითარება. თუკი ეს სიყალბე გაგრძელდება, რომელშიც ჩვენ ვართ, სწორედაც რომ საქართველოს ევროპულ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივა დაზიანდება.

აქვე მინდა, ბატონი გალერის განცხადებას გამოვეხმაურო. მისი განცხადება ძალიან ნათლად გვეუბნება იმას, რასაც ჩვენ, ყველანი ვამბობთ. გალერის თქმით, სრულიად მკაფიოდ საქართველო არ ასრულებს თავის პოლიტიკურ საშინაო დავალებას უმნიშვნელოვანესი მიმართულებით, როგორიც არის თავისუფალი სასამართლო, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები,  გამჭვირვალეობა, ეფექტური მართვა, დემოკრატიული მართვა. ამ კრიტიკული მიმართულებით საქართველო არ ასრულებს თავის დავალებას და ამის მიუხედავად, ჩვენ ვისმენთ მითოსურ განცხადებას, რომ თურმე ამ ხელისუფლების არაეფექტიანი, არაქმედუნარიანი პარლამენტის პირობებში, საქართველო მაინც აპირებს, რომ 2024 წელს განცხადება გააკეთოს ევროპული კავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ასეთი განცხადება ამ პარლამენტის პირობებში ვერ გაკეთდება და არ იქნება სერიოზულად აღქმული არავის მხრიდან. სწორედ ამიტომ გვჭირდება ახალი, რიგგარეშე არჩევნები. „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტით ჩვენ ვერ გავაკეთებთ სერიოზულ განაცხადს ევროპულ კავშირში წევრობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ევროპული სახალხო პარტიის საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა, ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა ოპოზიციას მოუწოდა, პარლამენტში ადგილები დაიკავონ. მისი თქმით, ვისაც არჩევნების გაკრიტიკება სურს, ეს საპარლამენტო სცენიდან, სესიაზე მიკროფონით უფრო რელევანტურია.