გრიგოლ გეგელია - აშშ-ში ჩვენი ვიზიტის დროს იყო პირდაპირი საუბარი კლანის წევრი კონკრეტული მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაზე
გრიგოლ გეგელია - აშშ-ში ჩვენი ვიზიტის დროს იყო პირდაპირი საუბარი კლანის წევრი კონკრეტული მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაზე

აშშ-ში ჩვენი ვიზიტის დროს იყო პირდაპირი საუბარი იმაზე, რომ კლანის წევრ კონკრეტულ მოსამართლეებს უნდა დაუწესდეთ ტარგეტირებული სანქციები იმ დიდი დანაშაულის გამო, რასაც ისინი ქართველი ხალხის, სახელმწიფოს და სამართლებრივი ინტერესების წინააღმდეგ ყოველდღიურად ჩადიან, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს ძალიან წარმატებული და კარგად მოქმედი პრეცედენტები მოსამართლეების მიმართ კონკრეტული სანქციების დაკისრებაზე.

გეგელიას განმარტებით, სანქციების დაწესების თაობაზე საუბარი მიმდინარეობს როგორც აშშ-ის სენატსა და კონგრესში, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტში.

„შემიძლია, დაგიდასტუროთ, აშშ-ში ჩვენი ვიზიტის დროს იყო სრულიად სერიოზული და პირდაპირი საუბარი იმაზე, რომ კლანის წევრ კონკრეტულ მოსამართლეებს უნდა დაუწესდეთ კონკრეტული, ტარგეტირებული სანქციები იმ ძალიან დიდი დანაშაულის გამო, რასაც ისინი ქართველი ხალხის, სახელმწიფოს და სამართლებრივი ინტერესების წინააღმდეგ ყოველდღიურად ჩადიან. მაღალი კალიბრის განხილვებია კონკრეტული ზომების მიღების თაობაზე. ასეთი ზომები მიღებული იყო ბალკანეთის არაერთ სახელმწიფოში, შესაბამისად, არსებობს ძალიან წარმატებული და კარგად მოქმედი პრეცედენტები მოსამართლეების მიმართ კონკრეტული სანქციების დაკისრებაზე. საქართველო ამ მხრივ არც პირველი იქნება და არც გამონაკლისი, როდესაც აშშ-მა სანქცია დააწესა. სანქციების დაწესების თაობაზე საუბარი მიმდინარეობს როგორც აშშ-ის სენატში და კონგრესში, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტში. კონკრეტულ სახელებს და გვარებს ვერ დავასახელებ, თუმცა შემიძლია, გითხრათ, სრულიად კონკრეტული, ძალიან მაღალი დიპლომატიური გავლენის მქონე პირები სრულიად პირდაპირ განიხილავენ ასეთი ტიპის სანქციების დაწესებას. ეს სანქციები იმ შემთხვევაში დაწესდება, თუ კლანი არ მოეშვება საქართველოს მართლმსაჯულების თავის საცეცებით მართვას, თუ მიშელის ხელშეკრულების შესრულების პროცესის ხელის შეშლა არ დასრულდება, რადგან მიშელის ხელშეკრულების შესრულება არის საქართველოს დემოკრატიის საუკეთესო ინტერესებში. ნებისმიერი მხარე, თუ პირი, რომელიც ხელს უშლის, არის საქართველოს და ქართული დემოკრატიის მტერი. ბუნებრივია, ასეთ ადამიანებს აშშ-სგან ექნებათ პასუხი და საწყის ეტაპზე ეს იქნება მგზავრობის, ვიზების შეზღუდვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება, რომ თუ არ დასრულდება არადემოკრატიული ორომტრიალი, რომელსაც წყაროდ სწორედ ეს კლანი ჰყავს, ეს ადამიანები ძალიან მკაცრი სანქციების საგანი გახდებიან“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.