გრიგოლ გეგელია - არ ვიზიარებ სააკაშვილის კატასტროფული გზავნილის სულისკვეთებას, ჩვენი მიზანია საზოგადოების გამთლიანება, იმის ხელშეწყობა, რომ, პირიქით, საზოგადოება განვკურნოთ გაყოფებისგან
არ ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რასაც მიხეილ სააკაშვილი სტატუსში გამოხატავს, ჩვენი მიზანი არის საზოგადოების გამთლიანება, პირიქით, საზოგადოება უნდა განვკურნოთ გაყოფებისგან, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
გეგელიამ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ „არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, არის ორი, ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო, სახეზეა ღრმა შეუთავსებლობა და სამოქალაქო კონფლიქტი“.
გეგელიას თმით, ეს არის კატასტროფული გზავნილი.
„არ ვიზიარებ ამ სულისკვეთებას, რასაც ბატონი მიხეილ სააკაშვილი ამ კონკრეტულ სტატუსში გამოხატავს. ვთვლი, რომ ჩვენი მიზანი საზოგადოების გამთლიანება, ერთიან ეროვნულ პრინციპებზე ხელახალი კონსოლიდირებაა და ხელშეწყობაა იმისა, რომ, პირიქით, საზოგადოება განვკურნოთ გაყოფებისგან, ტრავმებისა და ფრაგმენტირებისგან, რაც შედეგად „ქართული ოცნების“ რუსულმა ავტოკრატიამ მოგვცა.
დღეს საზოგადოება ძალიან დაყოფილი და ტოქსიკურია. ეს ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობისა და მთლიანობისთვის ძალიან ცუდია. ამიტომ ჩემი, როგორც პოლიტიკოსის ვალი პირიქით მგონია, რომ ხელი შევუწყო ყველა ისეთ პროცესს, რომელიც ამ საზოგადოებრივ შუღლს, ზიზღსა და დაყოფებს განკურნავს, გააერთიანებს და გაამთლიანებს თავისუფალ, თანასწორ და კეთილდღეობით სავსე საზოგადოებაში“, – განაცხადა გეგელიამ.