გრიგოლ გეგელია - არ გამოვრიცხავთ, უახლოეს მომავალში საერთო ოპოზიციური შეხვედრა გაიმართოს, რათა განვიხილოთ, როგორ და რა ტაქტიკით ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას
გრიგოლ გეგელია - არ გამოვრიცხავთ, უახლოეს მომავალში საერთო ოპოზიციური შეხვედრა გაიმართოს, რათა განვიხილოთ, როგორ და რა ტაქტიკით ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას

არ გამოვრიცხავთ, უახლოეს მომავალში საერთო ოპოზიციური შეხვედრა გაიმართოს, რათა განვიხილოთ, როგორ და რა ტაქტიკით ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია კვლავ ერთიანი, პრინციპული და ჩამოყალიბებულია იმ საკითხზე, რომ ბრძოლა რიგგარეშე არჩევნებით დასრულდება.

„ვფიქრობ, დღეს უკვე საზოგადოებისთვის სრულიად ნათელია, ვინ რა მხარე დაიკავა ამ პოლიტიკურ ბრძოლაში. თუ ვინ დაიკავა პრინციპული, უკომპრომისო, ძალიან შეგნებულად დემოკრატიული მხარე, ვინ დაიკავა ნახევრად დემოკრატიული მხარე და ვინ შეუერთდა „ქართული ოცნების“ მასკარადს, ვინ იქცა მის სპიკერად. ამიტომ ჩვენი პროგრესული, პრინციპული ნაწილის ბრძოლა გრძელდება ოთხპუნქტიანი შეთავაზების ირგვლივ.  არ გამოვრიცხავთ, ოპოზიცია შევხვდეთ ამ დღეებში, რათა განვიხილოთ, როგორ, რა ტაქტიკით ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას. ის, რომ ეს ბრძოლა გრძელდება და არის ერთიანი, მყარი და პრინციპული, ეს ცხადია. ოპოზიცია კვლავ ერთიანი, პრინციპული და ჩამოყალიბებულია იმ საკითხზე, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდეს და დასრულდება ახალი რიგგარეშე არჩევნებით. დანარჩენს ვიხილავთ ერთობლივად, განსაკუთრებით თებერვალში, როდესაც ბოლო ვადა იწურება მანდატების განხილვის. დრო ძალიან ცოტა არის. ამიტომ ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტი მორალური, პატრიოტული და რაციონალური ვალდებულება ეკისრება, გადადგას კონსტრუქციული შემხვედრი პოზიციები, თუკი მას რა თქმა უნდა, უნდა, რომ ეს კრიზისი, რომელიც არავის ინტერესში არ არის, დროულად და ეფექტიანად გადაიჭრას, მაგრამ ჩვენი ბრძოლა ყველაფრის მიუხედავად გრძელდება და გაგრძელდება პრინციპულად იქამდე, ვიდრე არ დადგება შესაბამისი შედეგი.

მხედველობაში მაქვს საერთო ოპოზიციური შეხვედრა. ვისაუბრებთ ერთად, რა ფორმები და რა შინაარსი უნდა მიეცეს ჩვენს ამ პროტესტს. გამოხატვის ფორმები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი. ყველაფერი საქართველოს კანონის ფარგლებში. ჩვენ უკვე ვართ პროტესტის ერთ ფორმაში, ბოიკოტში, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან მყარია, ძალიან სწორი მიზეზებით ნაკვები და ის ნარჩუნდება და შენარჩუნდება იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ რიგგარეშე არჩევნებს. დანარჩენს, თუ რა სხვა ფორმები შეიძლება შეიძინოს პოტენციურად ჩვენმა პროტესტმა, ყველა ერთობლივად ვნახავთ შემდეგ თვეებში საქართველოს კანონის ფარგლებში. პროტესტის არც ერთი ფორმა ბუნებრივია, არ არის გამორიცხული“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ამასთან, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ „ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ მასკარადს შეუერთდა, როგორც ერთ-ერთი რიგითი უსახური სპიკერი“.

„ალეკო ელისაშვილის საკითხზე ჩვენ აღარ შევდივართ დამატებით კომენტარებში და ანალიტიკაში. ვფიქრობთ, ამ თემასთან მიმართებით ყველაფერი ძალიან ნათლად ითქვა და აღარაფერია სათქმელი მას შემდეგ, რაც ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ მასკარადს შეუერთდა როგორც ერთ-ერთი რიგითი უსახური სპიკერი. ვფიქრობ, დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ქართულ დემოკრატიაზე, მის განვითარებაზე და როგორ გადავარჩინოთ ეს დემოკრატია არაპრინციპული პოლიტიკოსებისგან. ხოლო ელისაშვილი როგორც ჩანს, უკვე მიდრეკილია ამ პარლამენტისკენ, მასში ინტეგრირებისკენ და ეს არის მისი არჩევანი. ის გადაიხდის პოლიტიკურ ფასს საკუთარი გადაწყვეტილებისთვის ისე, როგორც ყველა პოლიტიკური სუბიექტი გადაიხდის თავის ფასს თავისი წილი გადაწყვეტილებებისთვის, რომელსაც ყველა ჩვენგანი ყოველდღიურად ვიღებთ. ამიტომ ქართველი ხალხი გამოიტანს ვერდიქტს ამ კვირებში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან მოვლენებზე“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.