გრიგოლ გეგელია - ახალი არჩევნების ჩანიშვნა, პოლიტიკური სისტემის გადატვირთვა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ეს აბსოლუტური მინიმუმია, რომლის გარეშეც ვერ მივიღებთ სტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას
ქვეყანაში შექმნილი მსგავსი ტიპის პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიის მოთხოვნად კვლავ რჩება ახალი არჩევნები, პოლიტიკური სისტემის გადატვირთვა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
„ახალი საპარლამენტო არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან. ეს ასე არის არა მხოლოდ აქ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც. მსგავსი ტიპის პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენი მოთხოვნა კვლავაც არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა, პოლიტიკური სისტემის გადატვირთვისთვის ხელის შეწყობა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ეს არის აბსოლუტური მინიმუმი, რომლის გარეშეც ჩვენს ქვეყანაში ვერ მივიღებთ სტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას, ვერ აღვადგენთ ამ ქვეყნის სრულად შეჩერებულ ინტეგრაციის კურსს“, – განაცხადა გეგელიამ.