გრიგოლ ჩაბრაძე - ნაკრებში მიწვევა ისე გამიხარდა, კინაღამ ცრემლი წამომივიდა #1TVSPORT
გრიგოლ ჩაბრაძე - ნაკრებში მიწვევა ისე გამიხარდა, კინაღამ ცრემლი წამომივიდა #1TVSPORT

გრიგოლ ჩაბრაძემ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრებში მიწვევაზე – ვილი სანიოლმა მარტში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის რამდენიმე დებიუტანტი გამოიძახა, მათ შორის კი ბათუმის „დინამოს“ 24 წლის მარჯვენა მცველიც მოხვდა.

„ნაკრების სიაში ჩემი გვარი რომ ამოვიკითხე, სიხარულისგან კინაღამ ცრემლი წამომივიდა. ამ მიწვევით ერთი ყველაზე დიდი ოცნება ამიხდა. ფეხბურთელისთვის ნაკრებში გამოძახება ყველაზე დიდი ნატვრაა. თან შვედეთს, ესპანეთსა და საბერძნეთს ვეთამაშებით – ეს კარიერულადაც მნიშვნელოვანი იქნება და ეს მატჩები ნებისმიერ მოთამაშეს ტრამპლინად გამოადგება“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გრიგოლ ჩაბრაძე.

მისი თქმით, „თელავში“ შარშანდელმა გამოსვლამ მისი კარიერა მნიშვნელოვნად შეცვალა:

„საბურთალოს“ გაზრდილი ვარ და ამ გუნდზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. უბრალოდ, შარშან გულდაწყვეტილი ვიყავი, რადგან იჯარით „თელავში“ წასვლა მომიხდა. თუმცა ეს ისევ მე წამადგა. ვიგრძენი, რომ ჩემს პროფესიას მეტი შრომა და მონდომება სჭირდებოდა. „თელავის“ მთავარმა მწვრთნელმა რეზო გოცირიძემ და საერთოდ, ამ გუნდმა საკუთარი ძალების რწმენა დამიბრუნა, ბათუმის „დინამოს“ მიწვევამ კიდევ უფრო თავდაჯერებული გამხადა, რაც ლადო დვალიშვილისა და გია გეგუჩაძის დამსახურებაა. ასეთი გამოცდილი მწვრთნელს ნდობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს“.