გრიგალავა მოედანს უბრუნდება
გრიგალავა მოედანს უბრუნდება

გია გრიგალავა მომჯობინდა და სათამაშოდ მზადაა. საქართველოს ნაკრებისა და ტულის „არსენალის“ 28 წლის ქართველი მცველი წელს, მარტში პერმის „ამკართან“ მოგებული (2:0) შეხვედრისას დაშავდა და თვეზე მეტი გაუცდა.

რუსული მედიის ცნობით, გრიგალავა სრულად მომჯობინდა, საერთო ჯგუფში ვარჯიშობს და შესაძლოა, 28 აპრილს, პრემიერლიგის მორიგ ტურში „არსენალისა“ და მაჰაჩყალის „ანჟის“ სამატჩო განაცხადში მოხვდეს.

გრიგალავა „არსენალში“ მეორე სეზონია, გამოდის, მაგრამ ამ პერიოდის ნახევარი საავადმყოფოებში გაატარა. შარშან, ივლისში, რუსეთის პრემიერლიგის დასაწყისში ისე მძიმედ დაშავდა, რომ ერთდროულად რამდენიმე სახის დაზიანება ჰქონდა – მას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა, მარცხენა ყბის მოტეხილობა, ჭრილობა და ძვლების გადაადგილება დაუდგინდა.

გრიგალავას ურთულესი ოპერაცია დასჭირდა, მომჯობინების შემდეგ კი მოედანზე მხოლოდ დამცავი ნიღბით თამაშობდა.