გრიფირებაზე უარი კიდევ რამდენიმე სახელმძღვანელოს ეთქვა
გრიფირებაზე უარი კიდევ რამდენიმე სახელმძღვანელოს ეთქვა

გრიფირებაზე უარი კიდევ რამდენიმე სახელმძღვანელოს ეთქვა. განათლების მინისტრის მოადგილის, თემურ მურღულიას 15 აგვისტოს ბრძანებით, გრიფის მინიჭებაზე უარი ეთქვა ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების შემდეგ მაკეტებს: ქართული ენა და ლიტერატურა – პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით, ქართული, როგორც მეორე ენა – პირველი-მეოთხე კლასები, პირველი უცხოური ენა (ინგლისური) – პირველი-მეოთხე და მეხუთე-მეექვსე კლასები, მეორე უცხოური ენა (რუსული) მეხუთე-მეექვსე კლასები, „მე და საზოგადოება“ – მესამე-მეოთხე კლასები, ჩვენი საქართველო – მეხუთე-მეექვსე კლასები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – მეხუთე-მეექვსე კლასები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება მეხუთე-მეექვსე კლასები, მუსიკა – მეხუთე-მეექვსე კლასები, ფიზიკური აღზრდა – მეხუთე-მეექვსე კლასები.

მანამდე, განათლების მინისტრის მოადგილის ბრძანების საფუძველზე, რამდენიმე სახელმძღვანელოს მინიჭებული გრიფი გაუუქმდა. ესენია ქართული ენა და ლიტერატურის პირველი კლასის სახელმძღვანელო და მათემატიკის სახელმძღვანელოების სერია პირველი-მეექვსე კლასებისთვის. გამომცემლები, რომლებსაც აღნიშნული წიგნები ჰქონდათ წარდგენილი, აღნიშნული გადაწყვეტილების გამო განათლების სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას გეგმავენ.

განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშილმა თანამდებობაზე დანიშვნიდან მცირე ხანში განაცხადა, რომ გრიფირების პროცესში ხარვეზები გამოიკვეთა და საკითხის შესწავლა შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა. შესწავლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.