გრიბოედოვის თეატრი უკრაინაში საგასტროლე ტურნეთი მიემგზავრება
გრიბოედოვის თეატრი უკრაინაში საგასტროლე ტურნეთი მიემგზავრება

ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი უკრაინაში საგასტროლე ტურნეთი მიემგზავრება. დასი უკრაინის ორ ქალაქში, პოლტავასა და კიევში სპექტაკლებით „ხოლსტომერი – ცხენის ამბავი“ და „რევიზორი“წარსდგება.

პირველ სპექტაკლს „ხოლსტომერი – ცხენის ამბავი“ დასი პოლტავას ნ. გოგოლის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე გამართავს.

პოლტავადან გრიბოედოვის თეატრი გადაინაცვლებს კიევში, სადაც მის გასტროლებს ივან ფრანკოს უკრაინის სახელობის ეროვნული თეატრი უმასპინძლებს.

კიევში 24 ნოემბერს გრიბოედოვის თეატრის დასი ითამაშებს სპექტაკლს „ხოლსტომერი – ცხენის ამბავი“. 25 ნოემბერს კი ნაჩვენები იქნება სპექტაკლი „რევიზორი“.

2017 წელს გრიბოედოვის თეატრის მიერ ჩატარებული მეოცე გასტროლი იქნება.

„ხოლსტომერი – ცხენის ამბავი“ არის ტრაგიკული აღსარება ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ავთანდილ ვარსიმაშვილი.

„ხოლსტომერი“ ოცამდე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მონაწილე და დიპლომანტი სპექტაკლია. 2013 წელს დაჯილდოვდა მოსკოვის საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდის“ გრან-პრით, ხოლო ვალერი ხარიუჩენკოს ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“ გადაეცა „ოქროს დიპლომი“.

„რევიზორის“ პრემიერა 2015 წლის 29 ოქტომბერს, გრიბოედოვის თეატრის 170-წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფაარგლებში გაიმართა. ეს გახლავთ ავთანდილ ვარსიმაშვილის ფანტასმაგორია ორ მოქმედებად, რომელიც სრულიად განსხვავდება მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესის კლასიკური ინტერპრეტაციისგან.

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის და თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ „რევიზორი“ 2015 წლის საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა, ავთანდილ ვარსიმაშვილმა მიიღო პრემია საუკეთესო რეჟისურისთვის, ელისო ორჯონიკიძეს გადაეცა პრემია საუკეთესო მუსიკალური გაფორმებითვის, ხოლო აპოლონ კუბლაშვილი ხლესტაკოვის როლის შესრულებისთვის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობად აღიარეს.

თეატრალური დასის გასტროლი უკრაინაში 21-დან 26 ნოემბრამდე გაგრძელდება.