გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი კუნძულზე ამერიკული დელეგაციის დაგეგმილ ვიზიტს აკრიტიკებს
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი მუტე ბურუპ ეგედე კუნძულზე ამერიკული დელეგაციის დაგეგმილ ვიზიტს აკრიტიკებს. ამერიკელი მაღალჩინოსნების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის მეუღლე უშა ვენსია, გრენლანდიაში ვიზიტს 27-29 მარტს გეგმავს. დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი და ენერგეტიკის მდივანი კრის რაითი.
ადგილობრივ გამოცემასთან, Sermitsiaq-თან ინტერვიუში გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის დელეგაციის ვიზიტს „აგრესიული“ უწოდა.
„რას აკეთებს ევროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი გრენლანდიაში? ერთადერთი მიზანი არის ჩვენზე ძალაუფლების დემონსტრაცია. ეჭვგვარეშეა, რომ მისი თუნდაც მხოლოდ ყოფნა გრენლანდიაში გააძლიერებს ამერიკელთა რწმენას ტრამპის მისიაში და ზეწოლა გაიზრდება“, – თქვა მუტე ეგედემ.