გრენლანდიაში ოპოზიციის ლიდერი აცხადებს, რომ აშშ-ის მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკებები გრენლანდიამ დამოუკიდებლად, დანიის გვერდის ავლით უნდა დაიწყოს
გრენლანდიაში ოპოზიციის ლიდერს სურს, აშშ-თან დიალოგი დანიის გარეშე წარიმართოს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ პარტია Naleraq-ის („ორიენტირი“) თავმჯდომარემ, პელე ბრობერგმა განუცხადა.
ბრობერგი მიიჩნევს, რომ, დონალდ ტრამპის ხმაურიანი განცხადებების ფონზე, ნუუკმა აშშ-ის მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკებები დამოუკიდებლად უნდა დაიწყოს. ბრობერგის თქმით, ოპოზიცია გრენლანდიის მთავრობას მოუწოდებს: „აშშ-ის მთავრობასთან დიალოგი დანიის გვერდის ავლით აწარმოოს, რადგან დანია თავისი შუამავლური საქმიანობით დაპირისპირებაში შედის როგორც გრენლანდიასთან, ისე შეერთებულ შტატებთან“.
ამავე დროს, გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვივიან მოტცფელდტმა განაცხადა, რომ გრენლანდიას არ შეუძლია აშშ-თან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება დანიის გარეშე, რადგან ეს კანონით აკრძალულია.
„ჩვენ უნდა ვცეთ პატივი კანონს და დანიის სამეფოში საკითხების გადაწყვეტის გარკვეული წესები არსებობს“, – განაცხადა მოტცფელდტმა.
ცნობისთვის, 3 იანვარს ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ აქტიურად დაიწყო საუბარი გრენლანდიის კონტროლის სურვილზე. თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი და მისი მრჩევლები გრენლანდიის შეძენის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ.
საპასუხოდ, დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის ძალისმიერი ანექსიის შემთხვევა ნატო-ს დასასრული იქნება.