„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება, რომლითაც რამდენიმე პროგრამის ფარგლებში გაცემულ გრანტებს მთავრობის თანხმობა არ დასჭირდება
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება, რომლითაც რამდენიმე პროგრამის ფარგლებში გაცემულ გრანტებს მთავრობის თანხმობა არ დასჭირდება

„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხორციელება იგეგმება. კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომას მომავალ კვირას წარედგინება. ცვლილებებით, რამდენიმე პროგრამის ფარგლებში გაცემულ გრანტებს მთავრობის თანხმობა არ დასჭირდება.

კერძოდ, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კანონის მეხუთე პრიმა მუხლის მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდება – „ამ მუხლით დადგენილი წესი არ გავრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გაცემულ გრანტებზე, საქართველოს ფარგლების გარეთ ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე, აგრეთვე ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+ (Erasmus+) ფარგლებში გაცემულ გრანტებზე“.

„არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, შესაბამის თანხმობას საჭიროებს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+ (Erasmus+) ფარგლებში გაცემული გრანტები. საქართველო ახორციელებს რა აღნიშნული პროგრამების განხორციელებისთვის გარკვეულ კონტრიბუციას (ფულადი შენატანების სახით), ამავე პროგრამების ფარგლებში გაცემული გრანტები ნაკლები რისკის შემცველად შეიძლება ჩაითვალოს სუვერენიტეტის შელახვის, პოლიტიკური ინტერვენციის ან უსაფრთხოების რისკების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ამ პროგრამებზე მიზანშეწონილია საგამონაკლისო წესის გავრცელება“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცვლილებების ინიციატორები არიან დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.